საარჩევნო პროგრამა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის - "აირჩიე ცვლილებები"
პროგრამის შინაარსი
  • პრეამბულა
  • ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება და სოფლად ცხოვრების სტანდარტის ამაღლება
  • სოფლის მოსახლეობის დასაქმება, წვრილ ფერმერთა ხელშეწყობა
  • სამოქალაქო ინიციატივა და თანამშრომლობა
  • მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა
  • ჯანდაცვა და მოსახლეობის სოციალური დაცვა
  • საზოგადოებრივი წესრიგი
  • კულტურა და განათლება

პრეამბულა

2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომლის პოზიტიური შედეგი იყო ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება, ქვეყანაში იყო სერიოზული გარდაქმნების მოლოდინი. პირველ რიგში მოსახლეობის მოთხოვნა იყო ცხოვრების დონის ამაღლება, დასაქმება, სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება, ასევე სისტემური ცვლილებები, რომელიც გამორიცხავდა ძალაუფლების თავმოყრას ერთ ხელში, უზრუნველყოფდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების შეუქცევადობას.

რეალურად, ამ ცვლილებების ნაცვლად ჩვენ მივიღეთ არაჯანსაღი კოჰაბიტაცია ყოფილ მმართველ გუნდს – "ნაციონალურ მოძრაობასა" და ახალ ხელისუფლებას შორის აქედან გამომდინარე არასასურველი შედეგებით. ქვეყანაში კვლავ მოქმედებს პრინციპი – ვინც ხელისუფლებაშია ყველაფერი მას ეკუთვნის, რეალურად არ შეცვლილა და გარკვეულწილად გაუარესდა კიდევაც მოსახლეობის ცხოვრების დონე, პრობლემებია ეკონომიკის განვითარებაში, არ აღმდგარა სამართლიანობა, მოსახლეობის დიდი ნაწილის გაღარიბების ფონზე მიმდინარეობს გარკვეული მცირე ჯგუფების გამდიდრება.

მიუხედავად გატარებული რეფორმისა, არ მომხდარა ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის უფლებამოსილებების რეალურად გადაცემა.
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახალ შესაძლებლობას იძლევა ქვეყნის განვითარების გზაზე: სწორმა არჩევანმა უნდა განაპირობოს რეალური მრავალპარტიულობა და ძალაუფლების დანაწილება, რაც თავის მხრივ მოიტანს სერიოზულ ცვლილებებს მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაში და დემოკრატიის პრინციპების დამკვიდრებაში.

საარჩევნო ბლოკი "არასაპარლამენტო ოპოზიცია: ("ახალი მემარჯვენეები", "თავისუფალი საქართველო"), რომელსაც ზურგს უმაგრებს მთელი რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ჯგუფები, ერთვება ამ არჩევნებში, რათა საკრებულოებში განახორციელოს ის მოდელი, რომელმაც შემდგომში მთელი ქვეყნის მასშტაბით რადიკალურად უნდა შეცვალოს ადამიანების ცხოვრება და დაამკვიდროს ევროპული ღირებულებები ყველა სფეროში – სახელმწიფო მართვაში, ადამიანების უფლებების დაცვაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ეკონომიკაში, ადამიანების სოციალურ დაცულობაში, ჯანდაცვაში, განათლებაში.

ჩვენ ვართ კონსტრუქციული ოპოზიცია, რომლის მიზანი არ არის დესტაბილიზაცია. ჩვენ გვინდა დასრულდეს ქვეყნის განვითარებისთვის არასასურველი პოლიტიკური ვითარება, როდესაც როლები გადანაწილებული აქვს ორ პოლიტიკურ სუბიექტს და ეს მომგებიანია ორივესთვის, მაგრამ არა ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის.
საარჩევნო ბლოკში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს "ახალ მემარჯვენეებს" და "თავისუფალ საქართველოს" გვაქვს ერთი პოლიტიკური წარსული, რომელიც უკავშირდება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებთან, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვასთან ბრძოლას, სერიოზულ წინააღმდეგობას ყველაფერ იმასთან, რაც დემოკრატიული განვითარების გზას უღობავდა საქართველოს.
ჩვენ ვაგრძელებთ ამ ბრძოლას, რადგან საბოლოო მიზანი - რეალური მრავალპარტიული მმართველობის დამკვიდრება და ე.წ. დაბალანსებული პოლიტიკური კომპოზიციის შექმნა ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.
ჩვენ ვთვლით, რომ მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებისთვის საკმარისი არ იქნება მმართველ ძალასა და მისივე ხელდასმით "მთავარ ოპოზიციად" წოდებული ნაციონალური მოძრაობას შორის კონკურენცია, რადგან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი მოითხოვს არა მხოლოდ კონკურენციას, არამედ ოპონირებას, რაც ამდენად დისკრედიტირებული ნაციონალური მოძრაობის პირობებში წარმოუდგენლად მიგვაჩნია.
რაც მთავარია, ადამიანი, რიგითი მოქალაქე და მისი პრობლემები კვლავ არ დგას ხელისუფლების უპირველეს დღის წესრიგში და საჭირო იქნება სერიოზული პოლიტიკური ზეწოლა ნებისმიერი დონის წარმომადგენლობით ორგანოებში, რომ ქვეყნის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი იხარჯებოდეს მოსახლეობის, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე.

ჩვენი უმთავრესი დაპირებები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მომავალი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება:
1. ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარება და სოფლად ცხოვრების სტანდარტის ამაღლება

მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა არ შეესაბამება ევროპული ქარტიის მოთხოვნებს. სამი ძირითადი კომპონენტიდან, რომელიც თვითმმართველობის არსებობას განსაზღვრავს - ექსკლუზიური კომპეტენცია, ფული და ქონება, დღეს საქართველოში თვითმმართველობებს სრულყოფილად არც ერთი არ გააჩნიათ და ამ პროცესმა რამდენიმე წლით გადაიწია. ბიუჯეტი უკიდურესად ცენტრალიზებულია. ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დატოვებული გადასახადები რეალურად ვერ ქმნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და იგი მთლიანად ცენტრიდან მიღებულ ტრანსფერებზეა დამოკიდებული.
თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც უფრო ახლოს დგანან ხალხთან და კარგად იცნობენ ადგილობრივ საჭიროებებს, არ მონაწილეობენ რეგიონული პროექტების დაგეგმვის პროცესში. კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება, შეიმუშაოს და დაამტკიცოს თვითმმართველი ერთეულის განვითარების სტრატეგია და მისი განხორციელების პროგრამა.
რაც შეეხება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, აქაც თვითმმართველობის ფორმალურ ნიშნებთან გვაქვს საქმე, რადგან რეალურად აჭარის ავტონომიას ავტონომიური წარმონაქმნისთვის არსებული ძირითადი ფუნქციები არ გააჩნია.

ცვლილებები, რომელიც ქვეყანას აუცილებლად სჭირდება, მოითხოვს, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
თქვენი მხარდაჭერით ჩვენ მივაღწევთ, რომ ხელისუფლებამ დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პარლამენტმა ასახოს მოსახლეობის რეალური განწყობები პოლიტიკური პარტიების მიმართ.
თვითმმართველობებისთვის რეალური ფუნქციის შესაძენად ჩვენ მივაღწევთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი კანონმდებლობა და:
• მოგების გადასახადის 80% და საშემოსავლო გადასახადის 50% დარჩება ადგილებზე
• სოფელს გადაეცემა მის ტერიტორიაზე არსებული სახნავი, სათესი, სათიბი, საძოვარი, ტყე, ტბა და მდინარე და მიეცემა მისი განკარგვის უფლება
• ყველა სოფელს ეყოლება არჩეული და არა დანიშნული თავი – სოფლის რწმუნებული
• თვითმმართველობები ხელს შეუწყობენ გლეხს და ფერმერს შიდა ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის გასაღებაში
• მივიღებთ კანონს სოფლის შესახებ, რომლის შესაბამისად სამართლებრივად დაკანონდება საქართველოში არსებული ყველა სოფელი
• კანონის შესაბამისად სოფლად გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო იქნება სოფლის კრება

სოფლად ცხოვრების სტანდარტის ამაღლების თვალსაზრისით ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:

• სოფლის ყველა მცხოვრებლის უზრუნველყოფა სასმელი წყლითა და გაზით
• სოფლებში გზების მოწესრიგება
• ყველა სოფელს – საკუთარი სკოლა
• ყველა სოფელს – მაღალი სიჩქარის ინტერნეტი
• რეგიონებში შიდასარაიონო მიმოსვლისთვის საავტომობილო პარკების ფორმირება ჯანსაღი კონკურენტული გარემოს პირობებში;
• სოფლად მცხოვრები სტუდენტების განათლების საფასურის დაფარვას გრანტების და სპეციალური ფონდების გზით ნაწილობრივ აიღებს სახელმწიფო
• სკოლების დაფუძნების, ლიკვიდაციისა და ოპტიმიზაციის უფლების დელეგირება მოხდება ადგილობრივი მმართველობის დონეზე


საბიუჯეტო პოლიტიკა

საბიუჯეტო პოლიტიკაში მთავარია მცირე მთავრობა და შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები. მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები არ იხარჯება ეფექტურად და წლების მანძილზე არსებობდა საბიუჯეტო სახსრების პარტიული მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკა. ქალაქებისა და რაიონებისათვის განკუთვნილი ფულის დიდი ნაწილი ძალზე ხშირად ხმარდებოდა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა ახირებების და კაპრიზების დაკმაყოფილებას.
საკრებულო და გამგეობა არ უნდა იყოს მფლანგველი! ჩვენ შევქმნით "სახალხო ბიუჯეტს" და მისი თითოეული თეთრის ხარჯვა აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება თითოეული მოქალაქისთვის. მოხდება ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და თანხების გადანაწილება მოსახლეობის სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის. ამ მიზნით:

• აიკრძალება ძვირადღირებული სამსახურებრივი ავტომანქანების შეძენა: დაწესდება მკაცრი ლიმიტი და მკვეთრად შეიზღუდება იმ პირთა წრე, ვისაც მოემსახურება ავტომანქანა საკრებულოებსა და მუნიციპალიტეტების გამგეობებში. ასევე დაწესდება მკაცრი რეგულაციები ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენაზე.
• შეიზღუდება ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯები
• გაუქმდება ყველა სადეპუტატო პრივილეგია
• შემცირდება ბიუროკრატიული აპარატები გამგეობებსა და საკრებულოებში

თავი III. სოფლის მოსახლეობის დასაქმებას, წვრილ ფერმერთა ხელშეწყობა

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსახლეობის ხელშეწყობა ყველა ხელისუფლებას პრიორიტეტატდ აქვს გამოცხადებული, ამ მიმართულებით მაინც ადგილი აქვს უფრო ქაოტურ და გაუთვლელ ქმედებეს და არა სისტემურ მიდგომას. აქედან გამომდინარე წლიდან წლამდე გლეხისთვის და წვრილი ფერმერისთვის პრაქტიკულდ ბევრი არაფერი იცვლება. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უდიდეს ნაწილს უჭირს საკუთარი ოჯახის შენახვა, რომ არაფერი ვთქვათ ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. აუცილებელია წვრილ ფერმერს საკარმიდამო ნაკვეთიდან მიღებული შემოსავლის გარდა გაუჩნდეს დამატებითი შემოსავალიც.
ამ მიზნით:
• განვახორციელებთ ინიციატივას " თითო საწარმო ყოველ სოფელში"
და ამისთვის შევქმნით შეღავათების ეფექტურ მექანიზმებს:

ო სოფლად საწარმოს ამოქმედების მსურველებს მიწა გადაეცემათ უფასოდ;
ო ადგილამდე მიყვანილი იქნება კომუნიკაციები - წყალი, ელექტროენერგია, გაზი;
ო 4 წლით ეს საწარმოები გათავისუფლდებიან გადასახადებისგან;
ო ხელი შეეწყობა საოჯახო მეურნეობების მდგომარეობის გაუმჯობესებას

• ყოველ სოფელს ეყოლება საკუთარი ვეტერინარი და აგრონომი;
თავი V. სამოქალაქო ინიციატივა და თანამშრომლობა
ჩვენი მიზანია რეალურად ფუნქციონირებადი დემოკრატია და საკრებულოების საქმიანობის გამჭვირვალეობა. უნდა დამთავრდეს მუნიციპალიტეტის რესურსების მმართველი პარტიის ინტერესების სამსახურში ჩაყენების პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე გრძელდებოდა ქვეყანაში, გაიზარდოს კონტროლი საკრებულოების და გამგეობების საქმიანობაზე. იგნორირებული მოქალაქეთა მონაწილეობა რეგიონული განვითარების და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში, რის გამოც არ არის უზრუნველყოფილი რეგიონული მართვის მეტი გამჭვირვალობა, გახსნილობა, სამოქალაქო თანხმობის მიღწევა და რეგიონული მართვის ეფექტიანობის ამაღლება. ამიტომ, ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ მოსახლეობის და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც უშუალოდ მათი ქალაქის თუ მუნიციპალიტეტის ცხოვრებას ეხება.
ამ მიზნით
• საკრებულოს კომისიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე წარდგენილი იქნებიან არა მხოლოდ ერთი, თუნდაც უმრავლესობაში მყოფი პარტიის წარმომადგენლები, არამედ პოსტები გადანაწილდება საკრებულოში წარმოდგენილი ყველა პარტიის დეპუტატებზე
• გაიზრდება დეპუტატების უფლებამოსილებები საკრებულოს და გამგეობის საქმიანობის, ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლის თვალსაზრისით
• შეწყდება მუნიციპალიტეტების გამგეობების თანამდებობის პირთა პარტიული ნიშნით დაკომპლექტების პრაქტიკა და გზა გაეხსნებათ პროფესიონალებს
• შევქმნით "თანამშრომლობის ჯგუფებს" მესამე სექტორის და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობით, რომლის მიზანია მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში და საქმიანობის წახალისება.
• ხელს შევუწყობთ მოსახლეობასთან თანამშრომლობის უფრო ეფექტური ფორმების მოძიებას და გამოყენებას;
• დავნერგავთ ე.წ. რეგიონული "პლებისციტის" გამოყენებას გადაწყვეტილებების მიღებაში მოსახლეობის აზრის გათვალისწინების მიზნით
• უზრუნველყოფილი იქნება სრული თანასწორობა და მეტი ქალების წამოწევა მოწინავე პოზიციებზე

თავი VI. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა

ერთ–ერთი უმთავრესი დაპირება, რომელიც არ შესრულდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ეკონომიკის აღორძინება და მოსახლეობის დასაქმებაა.
მცირე და საშუალო ბიზნესი, ინდმეწარმე ისევ ვერ გრძნობს მხარდაჭერას და წახალისებას, ეკონომიკის განვითარებას კვლავ ამუხრუჭებს მონოპოლიები, უბრალო მოქალაქეებისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია თუნდაც საოჯახო მიკრობიზნესის წამოწყება.
ჩვენ შემუშავებული გვაქვს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს უბრალო მოქალაქეებს დაიწყონ ბიზნესი, დასაქმდნენ, მიიღონ შემოსავალი;
ამ გეგმის შესაბამისად :
• ეკონომიკის განვითარების უმთავრეს პრიორიტეტად გამოვაცხადებთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობას, რითაც შევქმნით ასი ათასობით სამუშაო ადგილს და მნიშვნელოვნად შევამცირებთ უმუშევრობას ქვეყანაში. ამ მიზნით:
ო შევქმნით მცირე ბიზნესის განვითარების ფონდს, რომელიც ბიზნესის დაწყების და გაფართოების ყველა მსურველს მისცემს დაბალპორცენტიან - წლიურ 4-6-%-იან გრძელვადიან სესხს;

ო ფონდი ყოველწლიურად საშუალოდ 10 000 პროექტს დააფინანსებს. რაც საშუალოდ 40 000 დასაქმებულს ნიშნავს;
ო ჩვენ დავიცავთ საქართველოს შრომის ბაზარს და შემოვიღებთ კანონმდებლობას, რომელიც შეზღუდავს უცხოეთიდან სამუშაოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლას;
ო მივაღწევთ, რომ ფიქსირებული გადასახადით დაიბეგროს მიკრობიზნესით დაკავებული ე.წ. ""ინდმეწარმეები" და გაუმარტივდეთ მათ საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობა;
ო მოიხსნება ბიუროკრატიული ბარიერები ბიზნესისთვის
ო ჩვენ დავიცავთ საქართველოს შრომის ბაზარს და შემოვიღებთ კანონმდებლობას, რომელიც შეზღუდავს უცხოეთიდან სამუშაოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლას;
ო უამრავ იმ ადამიანს, რომლებიც დაკავებული იყვნენ ბიზნესსაქმიანობით და გაუჩერდათ ბიზნესი ბანკის ვალების გამო შეექმნებათ პირობები ბიზნესაქტივობისთვის.
• ქალაქებში დასაქმების მამოძრავებელ ძალად ვაქცევთ მომსახურების სფეროს. ამ სექტორში დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა მოხდება ფართის უზურფრუქტით გადაცემის და ინვესტირების გზით.
• ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს ბრძოლას მონოპოლიების წინააღმდეგ ქვეყანაში, რის შედეგადაც მოსახლეობას ექნება საშუალება შეიძინოს იაფი საწვავი, წამალი, საკვები პროდუქტები და პირადი მოხმარების საგნები;
• განვახორციელებთ კიდევ ერთ ჩვენს ინიციატივას "ფართი დასაქმების სანაცვლოდ", რომლის შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უამრავი უმოქმედო საწარმოს ფართი სიმბოლურ ფასად - 1 კვ. მეტრი 1 ლარად გადაეცემათ იმ კომპანიებს, რომლებიც აიღებენ ვალდებულებას ყოველ ასეთ 10 კვადრატულ მეტრზე დაასაქმონ მინიმუმ ერთი ადამიანი. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს, რომ მოკლე დროში ქვეყანაში დამატებით შეიქმნება ათეულ ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და რეალურად გაიზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც გაუჩნდებათ სტაბილური შემოსავალი;
• ტურისტების მოსაზიდად მოვახდენთ უკვე არსებული მიმართულებების გაფართოებას და განვითარებას მსოფლიოში ინტერესის გასაზრდელად საქართველოს ეროვნული ტრადიციული კულტურის, ლანდშაფტის მიმართ;
• გავზრდით ადგილობრივი თვითმმართველობების როლს და ფუნქციას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საქართველოში, რათა საქართველო გახდეს "გარემოზე ორიენტირებული" ქვეყანა:
• გამჭვირვალეს გავხდით ტენდერებს და პრივატიზაციის პროცესებს და შევიმუშავებთ ინფორმირების მექანიზმს, რომელიც გამორიცხავს დაფარულად და მხოლოდ დაინტერესებული პირების მონაწილეობით მათ ჩატარებას
• გადაიხედება კაბალური საპროცენტო განაკვეთები იპოთეკურ კრედიტებზე;
• სახელმწიფო შეზღუდავს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას მეზობელი ქვეყნებიდან;


თავი VII. ჯანდაცვა და მოსახლეობის სოციალური დაცვა

საყოველთაო ჯანდაცვის შემოღებამ გაზარდა მოსახლეობის ხელმისაწვდომობა, მაგრამ არ მოიხსნა მედიკამენტების და მომსახურების ხარისხის პრობლემა. ხელისუფლებამ არ შეასრულა თავის დანაპირები პენსიის გაზრდაზე, რამაც გაზრდილი ფასების ფონზე მათი მდგომარეობის არათუ გაუმჯობესება, არამედ გაუარესება გამოიწვია. რიგითი მოქალაქე დღეს არანაკლებ დაუცველია სოციალურად, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო.

ამ მიმართულებით ჩვენ გპირდებით, რომ

• პენსია დაინიშნება სტაჟისა და დამსახურების მიხედვით და არ იქნება საარსებო მინიმუმზე
ნაკლები
• პენსიონერს ყოველთვიურად ექნება ვაუჩერი 20 ლარის ოდენობით ესენციალური
მედიკამენტების შესაძენად
• უზრუნველყოფილი იქნება მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა.
მრავალშვილიან ოჯახებ დაუწესდებათ დახმარება
• ქალაქებში შეიქმნება ე.წ. " სოციალური სახლები", რომლებშიც მუნიციპალიტეტების
დაფინანსებით იცხოვრებენ მიუსაფარი მოხუცები
• დევნილებს საკუთრებაში გადაეცეთ საცხოვრებელი ფართები
• ქალაქებში განხორცილდება "იაფი ტრანსპორტის პროგრამა"
• ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს ბრძოლას მონოპოლიების წინააღმდეგ ქვეყანაში, რის
შედეგადაც მოსახლეობას ექნება საშუალება შეიძინოს იაფი საწვავი, წამალი, საკვები
პროდუქტები და პირადი მოხმარების საგნები;
• ყველა თემში იქნება ამბულატორია, რომელიც აუცილებელი სამედიცინო საშუალებებით და მედიკამენტებით იქნება აღჭურვილი და მოსახლეობის ხარისხიან პირველად დახმარებას უზრუნველყოფს

თავი VIII. საზოგადოებრივი წესრიგი
ბოლო წლებში მიღწეული გარკვეული სტაბილიზაციის შემდეგ კრიმინოგენული მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდა. შსს–ს მხრიდან სტატისტიკური მონაცემების მოშველიება ვერ ახდენს ზეგავლენას საზოგადოებრივ აზრზე, რადგან მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ, რომ უშიშრად ვერ გამოდიან ღამის საათებში ქუჩაში, არ აქვთ განცდა, რომ დაცულია მათი ქონება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ახალგაზრდობაში გარჩევები იარაღის საშუალებით, რომელიც ხშირად ტრაგიკული შედეგით სრულდება.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით ჩვენ მიგვაჩნია, რომ
• უნდა შეიქმნას მუნიციპალური პოლიცია, რომელიც გარკვეულ ანგარიშვალდებულებაში იქნება ადგილობრივ ხელისუფლებასთან
• ოპერატიულ– პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარების გათვალისწინებით ადგილობრივი ორგანოების მაქსიმალური ჩართულობით

თავი IX. კულტურა და განათლება

დღეს რეგიონებში მცხოვრები ოჯახები მოკლებული არიან შესაძლებლობას ეზიარონ კულტურას, დაიკმაყოფილონ ინტერესები და მისწრაფებები ამ სფეროში.
ქალაქში მცხოვრებ მოზარდებთან შედარებით განათლებაზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში ბევრად დაბალია. უამრავი სკოლა სოფლებში შეეწირა ე.წ. ოპტიმიზაციის პროცესს.
მიგვაჩნია, რომ უნდა აღმოიფხვრას რეგიონებში კულტურული ცხოვრების განვითარებაში არსებული საგანგაშო ჩავარდნა.

ამ მდგომარეობის დაუყოვნებლივ გამოსწორების მიზნით:

• ყველა რაიონსა და სოფელში გაიხსნება კლუბები, რომლებიც აღიდგენენ კულტურული ცენტრების ფუნქციას;
• არც ერთი ნიჭიერი ადამიანი არ დარჩება მხარდაჭერის გარეშე, ამ მიზნით სახელოვნებო სასწავლებლები გაიხსნება რეგიონებშიც და მათთვის სწავლა იქნება სახელმწიფოს ხარჯზე;
• მოხდება ბიბლიოთეკების ქსელის მოდერნიზაცია ყველა რაიონში. კომპიუტერული ტექნოლოგიები დანერგვა საქართველოს ყველა ბიბლიოთეკაში, მათ შორის სასკოლო ბიბლიოთეკებში;
• "განათლების უზრუნველყოფის" სპეციალური ღონისძიებებით მოხდება იმ მნიშვნელოვნად გაზრდილი სიმძიმის (ტვირთის) შემცირება, რომელიც საშუალო ოჯახს აწევს შვილებისთვის განათლების მისაცემად;
• განათლება - არ იქნება დამოკიდებული მშობლების შემოსავლებზე და საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებს თანაბრად ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სხვადასხვა სახის წრეების მომსახურებით
ქართული ენის განვითარება
• ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდება ზრუნვა ქართული ენის, როგორც საქართველოს კულტურული და ინფორმაციული ერთიანობის შენარჩუნების გარანტის განვითარებაზე;


თავი X. ევროპული ღირებულებების დამკვიდრება, დემოკრატიის განვითარება
ჩვენი ქვეყნის ნორმალური და ბუნებრივი განვითარების გზა - ეს არის რეალურად ფუნქციონირებადი ევროპული დემოკრატია, ესაა ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერაა ფორმირებული და ხალხისთვის მუშაობს, უქმნის მათ გარანტიებს საკუთარი პიროვნული და სამოქალაქო უფლებების და თავისუფლებების დაცვაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სოციალურ თანასწორობაზე.
როგორც თვითონ მმართველი კოალიცია აცხადებს დღევანდელი პარლამენტი არ ასახავს მოსახლეობის განწყობას და ნდობას პოლიტიკური პარტიების მიმართ. ამით ხელისუფლება ეჭქვეშ აყენებს პარლამენტში წარმოდგენილი ოპოზიციური პარტიის ლეგიტიმურობას. ამ ფონზე სრულიად ლოგიკურია, რომ თვითონ ხელისუფლება გამოვიდეს ინიციატივით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით.
ამავე დროს მიგვაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მომავალი საფრთხის მოშველიებით მმართველმა კოალიციამ პრემიერ–მინისტრი აღჭურვა ისეთი უფლებამოსილებებით, რომელიც არღვევს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს.
ჩვენ ვთვლით, რომ
• უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევენები და მოსახლეობას მიეცეს საშუალება მშვიდ გარემოში დააფიქსიროს თავის არჩევანი
• მოხდეს კონსტიტუციის გადახედვა და დაბალანსდეს ხელისუფლების შტოები
• ჩვენ გვინდა მივაღწიოთ სიღრმისეულ პოლიტიკურ რეფორმას სასამართლო და შს სამინისტროს სისტემის ჩათვლით

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« თებერვალი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28