"ახალი მემარჯვენეების" განცხადება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით
"ახალი მემარჯვენეების" განცხადება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით
29 ნოემბერი, 2013 წელი

ვილნიუსის სამიტმა დაასრულა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ეტაპი. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე.
ევროპული არჩევანი ქართველი ხალხის მართლაც ისტორიული არჩევანია.
ევროკავშირი საქარველოსთვის არის საიმედო პოლიტიკური პარტნიორი დემოკრატიული მშენებლობის გზაზე და ამავდროულად, ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტიციების წყარო, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის.
საკუთრივ საქართველოს გამოცდილება და ამ ეტაპზე ჩვენს თვალწინ უკრაინაში განვითარებული დრამატული მოვლენები ცხადყოფს, რომ ვილნიუსის სამიტის შემდგომ საქართველოს საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწევს.

საქართველოს ეკონომიკა, საბედნიეროდ, დღეს აღარ არის რუსეთზე ისე დამოკიდებული, როგორც უკრაინის, მაგრამ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის დაკეტვის პოლიტიკურ ბერკეტს, სავარაუდოდ, რუსეთი მომავალ წელს საქართველოზე ზეწოლისთვის აქტიურად აამუშავებს. უნდა ველოდოთ ახალი პრობლემების შექმნას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ზონებში, მოსალოდნელია სეპარატისტული მოძრაობების, ეთნიკურ თუ რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტების წახალისება. მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოსთვის არც განვლილ პერიოდში იყო უცხო.

ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეიმუშავოს ევროინტეგრაციის განხორციელების საგზაო რუკა, სადაც ყველა მოსალოდნელი საგარეო თუ საშინაო გამოწვევის გადაჭრის გზა იქნება ჩამოყალიბებული.
ეს პერიოდი იქნება საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების დიდი გამოცდა.
ქართულ საზოგადოებას მართებს დიდი სიმტკიცე საიმისოდ, რათა დემოკრატიულ სამყაროს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი გზა – ქართული სახელმწიფოს გზა, ნამდვილად ევროპული გზაა და სხვა ალტერნატიული ვერსიები, შიდა გამოწვევების თუ გარედან ზეწოლის შედეგად არ განიხილება, რომ ჩვენ ვართ ჩამოყალიბებული საზოგადოება, რომელიც წარსულის ილუზორული ნოსტალგიურობით კი არ იკვებება, არამედ უპირობოდ პროგრესზეა ორიენტირებული.

საქართველოს ხელისუფლების, ქართული ოპოზიციის, მთელი ქართული საზოგადოების უდიდესი პასუხისმგებლობაა ყველაფერი გააკეთოს, რათა საქართველოს სახელმწიფოსთვის კიდევ ერთხელ მიცემული ამ ისტორიული შესაძლებლობის რეალიზება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს.


29 ნოემბერი, 2013 წელი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31