პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ VI რიგგარეშე ყრილობის რეზოლუცია
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ VI რიგგარეშე ყრილობის  რეზოლუცია
პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" რიგგარეშე ყრილობის მონაწილეები ვაცხადებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები და მისი შედეგებიდან გამომდინარე ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის სერიოზული ანალიზის და სამომავლო მოქმედების მკაფიოდ ჩამოყალიბების აუცილებლობას ქმნის.
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო ის, რომ პირველად პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიაში არჩევნების გზით და არა სამხედრო გადატრიალებითა და რევოლუციით შეიცვალა ხელისუფლება, მმართველმა ძალამ აღიარა დამარცხება და გადავიდა ოპოზიციაში.
ცხადია, ეს უდავოდ არის წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე და კარგ საფუძველს ქმნის საიმისოდ, რომ სამომავლოდ საქართველოში მართლაც დაიწყოს დემოკრატიზაციის შეუქცევადი პროცესი და სამუდამოდ დამკვიდრდეს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პრაქტიკა.
გარდა ამისა, ამ არჩევნების შედეგად დასრულდა ნაციონალური მოძრაობის და მისი ლიდერის აბსოლუტური, ერთპიროვნული მმართველობა, რომელმაც მნიშვნელოვნად აზარალა საქართველოს დემოკრატიული განვითარება და გამოიწვია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების მასიური დარღვევები ქვეყანაში. ამ არჩევნებმა დაარღვია ის აბსოლუტურად მიუღებელი დისბალანსი, როცა ადამიანთა მცირე ჯგუფი სრულად ფლობდა ძალაუფლებას და დამკვიდრებული ჰქონდა მართვის ავტორიტარული სტილი. ამავდროულად, საზოგადოებაში გაჩნდა მოთხოვნა ქვეყანაში დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება, რომელიც მსოფლიოს მრავალი განვითარებული სახელმწიფოს წარმატების გარანტიაა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნების შედეგად პარლამენტს მიღმა დარჩა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები", ჩვენ ვაღიარებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებმა პოზიტიური როლი შეასრულა ქვეყნის ისტორიაში, თუმცა ამ პროცესს ახლავს მთელი რიგი მოვლენები, რომლებიც სათანადო ანალიზს და დაფიქრებას საჭიროებს.
მთელს ამ პროცესებში "ახალ მემარჯვენეებს" გვქონდა ჩვენი პრინციპული პოზიცია და გამოკვეთილი სტრატეგია. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეიძლებოდა ერთდროულად ორივე მთავარი მიზნის მიღწევა – არსებული რეჟიმის დასრულება და იმავდროულად რეალური მრავალპარტიული პარლამენტის არჩევა, სადაც გადაწყვეტილებების მიღება მოხდებოდა ქვეყანაში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური ძალების და არა ერთი კოალიციის მიერ. სამწუხაროდ ეს არ მოხდა.
ჩვენი ეს განსხვავებული და პრინციპული პოზიცია არავისთვის არ უნდა ყოფილიყო მოულოდნელი, რადგან დაარსების დღიდან "ახალ მემარჯვენეებს" სწორედ ამ გაცხადებული იდეებისადმი – მრავალპარტიული დემოკრატისა და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულება გამოარჩევდა.
და ეს პოზიცია ყოველთვის სახელმწიფოებრივი ინტერესით იყო განპირობებული.
შექმნისთანავე "ახალმა მემარჯვენეებმა" მოვახერხეთ მძლავრი პოლიტიკური ოპოზიციური ძალის ჩამოყალიბება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მაშინდელი მმართველი ძალის – "მოქალაქეთა კავშირის" მონოპოლისტური მდგომარეობის დასრულებას. ჩვენ 2002 წელს გამოვაცხადეთ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის უცვლელ სახელმწიფოებრივ ორიენტირად და მას მერე ერთგულად ვემსახურებით ამ იდეას. ჩვენ 2003 წელს მხარი არ დავუჭირეთ "ვარდების რევოლუციას", რადგან მტკიცედ გვწამდა, რომ მხოლოდ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილება იყო ქვეყანაში დაბალანსებული დემოკრატიული სისტემის შექმნის წინაპირობა. ჩვენ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოვაცხადეთ მორატორიუმი და ღრმად გვწამს, რომ ამ აქტით ხელი შევუშალეთ ქვეყანაში მე–5 კოლონის ასპარეზზე გამოსვლას, რომელიც რუსული აგრესიისთვის პოლიტიკური დასაყრდენი გახდებოდა და ამით საქართველოს ავაცილეთ ფართო მასშტაბის ოკუპაცია.
ამავე პრინციპებით იყო ნაკარნახევი "ახალი მემარჯვენეების" შემდგომი ნაბიჯებიც. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოპოვებულ მანდატებზე უარის თქმის და მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის დაშლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ "ახალი მემარეჯვენეებს" და მის ლიდერს მთელს ოპოზიციურ სპექტრში გამორჩეულად მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ჩვენ მაინც მტკიცედ გადავწყვიტეთ ახალი ალიანსის შექმნა, რადგან ვაცნობიერებდით, რომ ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" საპირწონედ ძლიერი პროდასავლური ალტერნატივის არსებობა. ჩვენ შევქმენით ასეთი ერთობა "ალიანსი საქართველოსთვის" სახით. მიუხედავად 2009–10 წლებში შეთანხმებული სტრატეგიული ხაზიდან ხშირი გადახვევისა, ამ ერთობამ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეტ–ნაკლებად სერიოზული შედეგები დადო, რაც სრულიად შესაძლებელი იყო საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების საფუძვლად ქცეულიყო. მაგრამ, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ალიანსი დაიშალა და ჩვენ ვერ ვუპასუხეთ საზოგადოებაში გაჩენილ მოლოდინს.
ეკლექტური "გაერთიანებული ოპოზიციის" შემდეგ უკვე მსოფლმხედველობრივი ერთობის დაშლამ, უკიდურესად უარყოფითად იმოქმედა მთელს ოპოზიციაზე და კონკრეტულად "ახალ მემარჯვენეებზე". ჩვენ დავკარგეთ იდენტობა, რადგან მთელი პარტიული თუ პოლიტიკური რესურსი უშურველად შევწირეთ ალიანსის შექმნას.
ამის შემდეგ, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე პარტიას ჰქონდა ორი მთავარი ამოცანა – დაებრუნებინა თავის იდენტობა, შეენარჩუნებინა აქტიური პოლიტიკური მოთამაშის როლი და საზოგადოება დაერწმუნებინა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის უალტერნატივობაში.
ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად საერთაშორისო ორგანიზაციების და უცხოელი პარტნიორების დახმარებით პარტიის ახალი სტრატეგია ჩამოვაყალიბეთ, რომელიც ითვალისწინებდა პარტიული სტრუქტურის, სიმბოლიკის განახლებას, და, რაც მთავარია, რადიკალიზმზე, როგორც ოპოზიციის მოქმედების ერთადერთ იარაღზე უარის თქმას. პარალელურად, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად დავიწყეთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესი. ეს პროცესი აშკარად ჯანსაღი და დემოკრატიული იყო, რადგან საკმაოდ რადიკალური დაპირისპირებისა და ქუჩაში გადატანილი პოლიტიკური პროცესების შემდეგ სახელისუფლებო და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების დიალოგის გზით პრაქტიკულად პირველად იქნა მიღწეული კონკრეტული შედეგები ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე.
2011 წლის ოქტომბრიდან ახალი წონადი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენის გამო ქართულ პოლიტიკაში დაწყებულმა მოვლენებმა საქართველოში კიდევ ერთხელ შექმნა პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რამაც სრულიად დაუკარგა აზრი ჯანსაღი და სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიისათვის დამახასიათებელ პოლიტიკურ საქმიანობას: საარჩევნო პროგრამების და პიარკამპანიის შეჯიბრებითობას, პოლიტიკურ დებატებს, კონკურენციას პოლიტიკურ პარტიებს შორის.
ასეთი უკიდურესად პოლარიზებული განწყობით მივიდა საქართველო 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც, როგორც ექსპერტულ წრეებში სამართლიანად აღნიშნავენ, უფრო ხელისუფლების საწინააღმდეგო რეფერენდუმს გავდა, ვიდრე რეალურ არჩევნებს.
ამან განაპირობა მძიმე შედეგი, უფრო სწორად უშედეგობა არა მხოლოდ "ახალი მემარჯვენეებისათვის" არამედ სხვა პოლიტიკური ძალებისთვისაც, რომლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ.
გვინდა ხაზგასმით განვაცხადოთ: 1 ოქტომბრის არჩევნებით მიღწეულ იქნა მართლაც მნიშვნელოვანი შედეგი: ერთპიროვნული მმართველობის და ერთპარტიული პარლამენტის დასასრული საქართველოში, თუმცა ამით საბოლოო მიზანი - რეალური მრავალპარტიული მმართველობის დამკვიდრება და დემოკრატიის განვითარების შეუქცევადობა ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. საქართველო დღეს ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა იმ მიზნიდან, რასაც ნამდვილად დემოკრატიულ ქვეყანად ჩამოყალიბება ჰქვია.
აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები", რომელმაც არჩევნებში მიღებული შედეგისა და პოსტიდან პარტიის თავმჯდომარის წასვლის შემდეგ პოლიტიკური ტაიმ-აუტი გამოაცხადა, ყრილობის გადაწყვეტილებით აცხადებს ტაიმ-აუტის დასასრულს და დღეიდან აგრძელებს სრულფასოვან პოლიტიკურ საქმიანობას, როგორც დღევანდელი მმართველი ძალის კვალიფიციური ოპონენტი.
მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველო დგას რამდენიმე გამოწვევის წინაშე, რომელსაც უნდა უპასუხოს არა მხოლოდ მმართველმა კოალიციამ, არამედ ქვეყანაში მოქმედმა სხვა პოლიტიკურმა ძალებმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ.
პირველ რიგში ეს არის მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება და ე.წ. დაბალანსებული პოლიტიკური კომპოზიციის შექმნა ქვეყანაში.
პოლიტიკურ პარტიათა შორის კონკურენციის არარსებობის პირობებში ჩატარებული ბოლო არჩევნების შემდეგ არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყანაში საფრთხე შეექმნას პოლიტიკურ პარტიათა ინდივიდუალიზმს, მოხდეს ახალი ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბება.
ჩვენ არ ვთვლით, რომ მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებისთვის საკმარისი იქნება მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების კონკურენცია, რადგან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი მოითხოვს არა მხოლოდ კონკურენციას, არამედ ოპონირებას, რაც კოალიციის პირობებში წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ხოლო ნაციონალური მოძრაობა ვერ იქნება ერთადერთი სრულფასოვანი ოპონენტი.
"ახალი მემარჯვენეები" საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის დახმარებით, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებით, ვიქნებით იმ პროცესის ინიციატორი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის ძირეულ რეფორმირებას, გამორიცხავს ერთპარტიული დიქტატურის პერსპექტივებს და შექმნის მყარ საფუძველს კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად.
შემდგომი გამოწვევა, რომელიც მოითხოვს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაციას არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი.
"ახალ მემარჯვენეებს" საქართველოს სახელმწიფოსთვის უალტერნატივოდ მიგვაჩნია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის დინამიური პროცესი და ამ პროცესისთვის მყარი გარანტიების შექმნა.
ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ მყარად გარანტირებული იყოს არა მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი, რომელიც სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად გულისხმობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, პოლიტიკურ პლურალიზმს, დამოუკიდებელ სასამართლოს, არამედ პირველ რიგში უნდა უზრუნველვყოთ, რომ თვით ეს კურსი არ დადგეს საფრთხის წინაშე.
ჩვენთვის და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის არც ისე ნათელია როგორ მოხერხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის პირობებში ამ ქვეყანასთან ურთიერთობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ ხაზად გამოცხადებაც და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მყარი გარანტიების შექმნაც, აღმოსავლური პარტნიორობის განვითარება და ევროპული ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის მიღწევა.
ჩვენი აზრით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია მხოლოდ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის შემდეგ.
"ახალი მემარჯვენეები" ერთგული ვრჩებით ჩვენს მიერ ჯერ კიდევ 2002 წელს გამოცხადებული კურსისა და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა უზრუნველვყოთ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და გარანტირებული გავხადოთ ამ ინტეგრაციით მისაღები სარგებელიც - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკური აღმავლობა და კეთილდღეობა, რომელიც ინვესტიციების ზრდით, თავისუფალი ვაჭრობის შემოღებით, უვიზო მიმოსვლით და სხვა სიკეთეებით იქნება მიღწეული.
შემდეგი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას - ეს არის ეკონომიკური აღმავლობა, უმუშევრობის დაძლევა და სწორი სოციალური პრიორიტეტების ჩამოყალიბება, რომელიც მხოლოდ რეალური საბაზრო ეკონომიკის პირობებში მიიღწევა.
"ახალი მემარჯვენეები" კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი საქმიანობის მთავარი მიმართულება კვლავ იქნება ბიზნესისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა. იმ იმედების გაცრუება, რომელიც ქართველმა ხალხმა 1 ოქტომბრის არჩევნებს დაუკავშირა, პირველ რიგში იქნება თუ ბიზნესის ცალკეულ წარმომადგენლებს ამჯერად ახალ ხელისუფლებაში გამოუჩნდებათ "გულშემატკივრები", რომლებიც უზრუნველყოფენ მათთვის "სასათბურე პირობებს". ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რათა მართლაც მოხდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია ამ ტიპის დანაშაულისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმების გზით, საგადასახადო კოდექსის ორგანულ კანონად გადაქცევით მივაღწიოთ ბიზნესისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემოს შექმნას, მონოპოლიების ერთხელ და სამუდამოდ მოსპობას და საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპების - კანონის წინაშე თანაბრობის და კონკურენტული გარემოს დამკვიდრებას.
ეკონომიკის განვითარების სერიოზულ ბერკეტად უნდა იქცეს ქართული სოფელი, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ არა მხოლოდ ეკონომიკურ კატეგორიად, არამედ იმ ადგილად, სადაც ყველაზე კარგად შეიძლება ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. ჩვენი ხედვით სოფლისთვის ამ ფუნქციის შესაძენად საკმარისი არ იქნება ერთჯერადი, გრძელვადიანი ეფექტის არმქონე ღონისძიებების გატარება, არამედ აუცილებელია მკაფიოდ ჩამოყალიბებული პერსპექტიული გეგმის შექმნა, რომლის განხორციელებაც სოფელს გადააქცევს საქართველოს მოქალაქეებისათვის საცხოვრებლად მიმზიდველ, პრესტიჟულ და პერსპექტიულ ადგილად.
ამასთან ერთად "ახალი მემარჯვენეებისთვის" მნიშვნელოვანი იქნება რეალური დეცენტრალიზაცია და ეფექტური თვითმმართველობის შექმნა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე პროცესები გვაფიქრებინებს, რომ აქ, ისევე, როგორც დამოუკიდებელ მედიასთან, ძლიერი სამოქალაქო სექტორის შექმნასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს ძალზე სერიოზული პრობლემები. ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოში კვლავ იმ პრინციპით - "მოგებულს მიაქვს ყველაფერი" კი არ მიმდინარეობდეს, არამედ არსებობდეს ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე ძალაუფლების რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ გადანაწილების შესაძლებლობა.
ჩვენი მიზანია, რომ სწორედ ქვეყნის წინაშე არსებული ამ ძირითადი გამოწვევების დასაძლევად პარტია ახალი ენერგიით ჩაებას უკვე ახალი მიჯნის - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატების მისაღწევად.
ჩვენ ვაპირებთ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ არასამთავრობო სექტორთან, რათა ყველამ ერთად - პოლიტიკურმა პარტიებმა, საზოგადოებამ, მივაღწიოთ, რომ დღევანდელი და ყოველი მომდევნო ხელისუფლება საქართველოში იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია ყველაფერზე და ამით ქვეყანა ბევრად უფრო სტაბილურად ვაქციოთ.
ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ ვიყოთ მხოლოდ იმ ადამიანების "თავშესაფარი", რომლებმაც ვერ მიიღეს დაპირებული კეთილდღეობა და გული აუცრუვდათ დღევანდელ მმართველ გუნდზე, არამედ მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდაცია მთავარი იდეის გარშემო - მრავალპარტიული დემოკრატია, რეალური თავისუფალი ბაზარი, ნატო და ევროპული არჩევანი საქართველოსთვის.

ბაზალეთი
2013 წელი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
ფეისბუქის ფან ბოქსი
« აპრილი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30