"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე დავით გამყრელიძე აცხადებს, რომ საწვავის სიძვირე და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტი აჭარელი გლეხის ისედაც მძიმე შრომას ათმაგად მძიმეს ხდის.
"რამდენიმე დღეა აჭარის სოფლებში მოსახლეობას ვხვდები და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქვეყანაში რადიკალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწვავის გასაიაფებლად და ტექნიკის დეფიციტის აღმოსაფხვრელად. ეს პრობლემები გლეხების ისედაც მძიმე შრომას კიდევ უფრო ამძიმებს და არაეფექტურს ხდის", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
მემარჯვენეებმა ორშაბათს საგანგებო პრესკონფერენცია ჩაატარეს და განაცხადეს, რომ მთელი კვირის განმავლობაში საქართველოს რეგიონებიდან ხელისუფლებას იმ პრობლემებს დაანახებენ, რაც საქართველოს სოფლებში საწვავის სიძვირის და ტრაქტორების დეფიციტის გამოა შექმნილი.
დავით გამყრელიძე და მანანა ნაჭყებია დღეს ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში იმყოფებიან და მოსახლეობას ხვდებიან. "კარგია, რომ მთავრობამ კიდევ თორმეტი მექანიზაციის ცენტრის შექმნა გადაწყვიტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა მცდელობამ ხელისუფლებას ტრაქტორის პრობლემა პირისპირ დავანახოთ შედეგი უკვე გამოიღო. თუ საწვავის სიძვირის პრობლემის მოგვარებაც დადგება დღის წესრიგში, ეს გლეხს ფეხზე დააყენებს და ქვეყანასაც წაადგება", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
10.05.2012 (საიტზე არსებული ტექნიკური პრობლემების გამო, სიახლეები განთავსდა დაგვიანებით, რისთვისაც გიხდით ბოდიშს)

ქართული
English
Pусский











