კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
პირველი და ძალზე მნიშვნელოვანი. ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილებები და პირდაპირი არჩევის წესი.
2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტს ჩამოერთვა მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები და ის პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურა გახდა. თუმცა, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნების მიზნით კონსტიტუციამ განსაზღვრა, რომ ის იქნება მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, ანუ აირჩევა პირდაპირი წესით, და შეუნარჩუნდა გარკვეული უფლებამოსილებები, რომელიც მისი, როგორც შტოებს შორის დამბალანსებლის როლს უზრუნველყოფდა. დაგეგმილი ცვლილებებით პრეზიდენტი ირიბი არჩევნებით აირჩევა 300 " ხმოსნის" მიერ ყოველგვარი დებატების გარეშე. ამ ცვლილებების მოტივაცია, ხელისუფლების მტკიცებით, ევროპული გამოცდილებაა, თუმცა ეს რეალურად ასე არ არის. ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოებში მართლაც არსებობს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესი, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება, რის გამოც ზემოთ აღნიშნული მოდელი საქართველოსთვის მიზანშეუწონელია.
პირველ რიგში გასათვალისწინებელია ტენდენცია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც უკვე არსებობს პირდაპირი არჩევნები, არ ხდება არაპირდაპირი სისტემის შემოღება, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც არაპირდაპირი არჩევნების წესმა შექმნა პოლიტიკური კრიზისი, შემოღებულ იქნა პირდაპირი არჩევნების წესი. (მაგალითად, მოლდავეთი). გარდა ამისა, იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი სისტემა (საპარლამენტო რესპუბლიკებში), არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების გაწონასწორების სხვა მექანიზმები, დამოუკიდებელი ინსტიტუტები.
დღეს საქართველოში პრეზიდენტი არის უკანასკნელი საჯარო ინსტიტუტი, რომელიც არ ექვემდებარება მმართველ პარტიას, მთავრობას. ყველა სხვა ინსტიტუტს: პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობას, რეგიონების გუბერნატორებს, მუნიციპალიტეტებს, სასამართლო სისტემას, თითქმის ყველა ტელეკომპანიას და ა.შ. სრულად აკონტროლებს "ქართული ოცნება". პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში, ეს ინსტიტუტიც დაექვემდებარება მმართველი პარტიის კონტროლს.
ევროპული ტრადიციის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი არის ერთგვარი არბიტრი, რომლის კანდიდატურაც ხშირად წარმოადგენს ინტერპარტიული შეთანხმების საგანს. (მაგ. გერმანიის პრეზიდენტად სულ ახლახანს არჩეულ იქნა უმცირესობაში მყოფი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი). საქართველოში, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გამორიცხულია და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა გამოიწვევს კიდევ ერთი მორჩილი და მდუმარე ინსტიტუტის გაჩენას არსებულ პოლიტიკურ სისტემაში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ არ მიაჩნიათ სწორად პრეზიდენტი რომელიმე პარტიას წარმოადგენდეს, ანუ ის უნდა იყოს სრულიად ნეიტრალური. ჩნდება ლოგიკური კითხვა: რომელი პრეზიდენტი იქნება უფრო ნეიტრალური? პირდაპირი წესით, მოსახლეობის მიერ არჩეული, რომელთა მხოლოდ 2%-ია რომელიმე პარტიაში გაწევრიანებული თუ 300 "ხმოსნის" მიერ, რომლებიც პარტიების წარმომადგენლები არიან?
თუ მმართველი პარტია პრინციპულად მიიჩნევს ამ ცვლილებების განხორციელებას, მაშინ ვთავაზობთ მას ეს ცვლილება გამოტანილ იქნას რეფერენდუმზე და თავად ამომრჩეველმა გადაწყვიტოს არის თუ არა ის თანახმა გადასცეს თავისი უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილი პარლამენტს.
აღარაფერს ვამბობთ ჩანაწერზე, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის ყოველგვარი დებატების გარეშე არჩევას. იმ დემოკრატიული მოთხოვნების ფონზე, რომ არათუ პრეზიდენტის, არამედ კლასის დამრიგებლის არჩევაც კი ღია, გამჭვირვალე პროცესი უნდა იყოს და ყველას უნდა ჰქონდეს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი, ეს ჩანაწერი, თუ ის შემთხვევით არ მოხვდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, არის უკან, კომუნისტური რეჟიმისკენ გადადგმული ნაბიჯი, სადაც გადაწყვეტილებების მიღება ერთპიროვნულად, საჯაროობის გარეშე ხდებოდა. ცვლილებების 2023 წლიდან შემოღებაც ვერ იქნება გამოსავალი, რადგან თუ ჩვენ გვინდა სტაბილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, დემოკრატია უნდა "მუშაობდეს" დღესაც, 2023 წელსაც და მუდმივად.
მეორე მნიშვნელოვანი ბლოკი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად იცვლება ქვეყანაში, ეს საარჩევნო სისტემაა.
ყველაზე ნათლად სწორედ აქ დაგეგმილ ცვლილებებში ჩანს ხელისუფლების მცდელობა ისეთი საარჩევნო სისტემა შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მისთვის ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიებს.
ლოგიკა ასეთი მარტივია: ხელისუფლება აუქმებს არჩევნებში პარტიების ბლოკების სახით მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში ბარიერის გადალახვის შანსი აქვს მხოლოდ მმართველ და სავარაუდოდ ერთ, ან მაქსიმუმ ორ პარტიას. ხელისუფლება დაბლა არ სწევს 5 პროცენტიან საარჩევნო ბარიერს, რაც ასევე ამყარებს პარლამენტში მხოლოდ ერთი-ორი ან მაქსიმუმ სამი პარტიის მოხვედრის შესაძლებლობას. თავის მხრივ ეს ნიშნავს გადასაწილებლად დარჩენილი მანდატების რაოდენობის ზრდას და ყველაფერი ამის ლოგიკური დასასრულია კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს: გადაუნაწილებელი მანდატები მიაქვს მხოლოდ გამარჯვებულ პარტიას. თუ სხვა წინა არჩევნების შედეგებს გავითვალისწინებთ, გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა საკმაოდ სოლიდურია ხოლმე, რომელიც ამ წესის შემოღების შემთხვევაში უზრუნველყოფს გამარჯვებული პარტიის მიერ დამატებითი მანდატების მისაკუთრებას და ძალაუფლების უზურპაციას.
ჩვენი აზრით, ეს არის ხელისუფლების მიერ ღიად გაკეთებული განაცხადი, რომ მათ არ სურთ ოდესმე ქვეყანაში "ქართული ოცნების" მმართველობა არჩევნების გზით შეიცვალოს და ისინი აპირებენ დიდი ხნით დაიტოვონ ხელში ქვეყნის მართვის სადავეები. თუ უახლეს ისტორიას გადავხედავთ, ყველა სახელისუფლებო ცვლილება საქართველოში სწორედ საარჩევნო ბლოკების შექმნის გზით განხორცილედა (1990, 2003, 2012 წ.წ.) თვით "ქართული ოცნებაც", რომელსაც ზურგს ხალხის მხარდაჭერის გარდა ფინანსური რესურსები და მძლავრი მედისაშუალებები უმაგრებდა, მხოლოდ 6 სუბიექტისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკის შექმნის გზით მოვიდა ხელისუფლებაში.
რაც შეეხება ხელისუფლების არგუმენტს, რომ ბლოკებში წვრილი პარტიების გაერთიანება და ამ გზით ბარიერის გადალახვა ზრდის საბიუჯეტო დანახარჯებს, ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება. უნდა შევთანხმდეთ, რომ დაფინანსებას იღებს ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტი, რომელიც შემდეგ თავისი წესდების თანახმად გაანაწილებს არჩევნების შედეგად მიღებულ სიკეთეებს - ფინანსურ რესურსებს, უფასო საეთერო დროს, კომისიებში პარტიების წარმომადგენლებს და ა.შ.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას" არასწორად ესმის ევროპული დემოკრატია და მრავალპარტიულობა, რაც საბოლოოდ ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტიაა.
მნიშვნელოვანია პარლამენტის ადგილსამყოფელის თემაც, რადგან ხელისუფლება აპირებს პარალმენტის ქუთაისიდან ისევ თბილისში გადმოტანას, ოღონდ ჩანაწერი ბუნდოვანია და ღიად არ ჩანს, რომ ეს ასე მოხდება. ამიტომ გვინდა ქუთაისელებმა, იმერეთის რეგიონში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია პარლამენტის არსებობა მათ რეგიონში, ეს იცოდნენ. ხელისუფლებას ნამდვილად არ ახასიათებს დადებითად ხალხის ზურგსუკან, მოტყუებით და მალულად ასეთი გადაწყვეტილებების მიღება.
საკონსტიტუციო ცვლილებები ეხება ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუციის უფლებების შეზღუდვასაც, როგორიც სახალხო დამცვლელია და თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში ხელისუფლების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებულ განცხადებებს, რომლებიც სახალხო დამცველმა გააკეთა, მის საკმაოდ მწვავე ანგარიშს პარალმენტში, ეს ერთმნიშვნელოვნად ამ ინსტიტუციის "მორჯულების", მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვის სურვილზე მიანიშნებს.
ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ საკონსტიტუციო ცვლილებების არსი, ეს უდავოდ არის ხელისუფლების დაუფარავი სურვილი შეიქმნას ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიები, აამოქმედოს ისეთი მექანიზმები, რომელიც მას საშუალებას მისცემს შეამციროს კონკურენცია და მოსპოს მრავალპარტიული დემოკრატიის შექმნის შესაძლებლობა ქვეყანაში.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არ შეიტანს კონსტიტუციაში არც ერთ ისეთ ცვლილებას, რომლის მსგავსი მოდელი ან წესი ევროპულ ქვეყნებში არ არსებობს. მართლაც ამ პროექტში არაფერია ისეთი, რომელიც ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში არ არის. ცალ-ცალკე პრეზიდენტის არჩევის ამდაგვარი წესიც, მანდატების გადანაწილების თუ არჩევნებში საარჩევნო ბლოკების აკრძალვის მსგავსი მოდელები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს, მაგრამ ვერ ნახავთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი, რადგან ასეთი მოდელი პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას და მის საყრდენს - მრავალპარტიულობას.
რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ სიტუაციაში?
ჩვენი აზრით, საჭიროა ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო სექტორმა მოახდინოს ქართული საზოგადოების ინფორმირება და იმ საფრთხეების განმარტება, რასაც ეს საკონსატიტუციო ცვლილებები მოიტანს. ამავდროულად უნდა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების დეტალური ინფორმირება მიმდინარე პროცესთან და მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით.
უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს კონსტიტუცია, რომლის მიღებასაც "ქართული ოცნება" აპირებს, იქნება არა ხალხის, არამედ "ქართული ოცნების" კონსტიტუცია და იარსებებს მანამ, სანამ ეს პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში. მაგრამ, ბუნებრივია უცვლელი არაფერია და "ქართულ ოცნებას" მაინც მოუწევს წასვლა, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი კვლავ დადგება საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობა და ეს პროცესი, ბუნებრივია ქვეყნის სტაბილური განვითარების გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი იქნება. ამიტომ მივყავართ ყველაფერ ამას ისევ იქამდე, საიდანაც დავიწყეთ - კონსტიტუცია უნდა იყოს ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ ძალთა შორის მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი, როგორც ეს დემოკრატიულ საზოგადოებებშია. ამიტომაც ვითარდებიან ისინი სტაბილურად, რაც მათი კეთილდღეობის გარანტია.
28.04.2017 წელი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
კონსტიტუცია - მაქსიმალური კონსენსუსის შედეგი
საქართველოს დამოუკიდებელი არსებობის მანძილზე ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიას აქვს, კონსტიტუციონალიზმის დეფიციტია.
პირველ რიგში ეს დეფიციტი ვლინდება ყოველი ახალი ხელისუფლების სურვილით ძირფესვიანად შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ამის უკანასკნელი მაგალითი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებით ახალ რეალობას და საკუთარ ინტერესებს მოარგო კონსტიტუცია.
2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდეგ შეიქმნა მოლოდინი, რომ დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ხელისუფლება აღარ ეცდებოდა კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების განხორციელებას, რომელიც მოემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს. სამწუხაროდ, ეს მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა და დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ კვლავ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაუქვემდებარა საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთი, ახალი ეტაპი.
ამ ეტაპსაც, ისევე როგორც სხვა ეტაპებს, თან სდევს ხელისუფლებების პოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკური კულტურის დეფიციტი. ხელისუფლებამ ან არ იცის, ან იგნორირება გაუკეთა კონსტიტუციის მიღების ძირითად პრინციპს - მის გარშემო პოლიტიკურ ძალთა მაქსიმალური კონსენსუნსის აუცილებლობას. ამ ეტაპზეც, ისევე როგორც უახლოეს წარსულში, კონსტიტუციური ცვლილებები ხდება მხოლოდ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ხოლო სხვა ყველა, ხაზს ვუსვამ, ყველა პოლიტიკური ძალა ამ ცვლილებების წინააღმდეგია.
ახლა მოკლედ, იმ საკითხების შესახებ, რომლებიც იწვევენ ყველაზე მეტ წინააღმდეგობას.
[ სრულად ]
არტურ შოპენჰაუერი
ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდაო ჭეშმარიტებას.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მაისი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31