მანანა ნაჭყებია "მე ვფიქრობ, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება "
მანანა ნაჭყებია "მე ვფიქრობ, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება "
ინტერვიუ "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთ ლიდერთან მანანა ნაჭყებიასთან. 
_ როგორ შეაფასებთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და რამდენად შეიცვლება ძალთა ბალანსი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლით, რომლის ამომრჩეველიც, როგორც ჩანს, ძირითადა მრევლი იქნება?
_ ძალთა ბალანსის შეცვლაზე ჯერ ძალიან ნაადრევია საუბარი, რადგან ამის არანაირი კონტურები არ ჩანს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად არაფერი შეიცვლება. ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკური ძალა მე მგონი ხვდება, რომ ახალი სახეები, ახალი სისხლი სჭირდება ქართულ პოლიტიკას. განახლება ესაჭიროება ქართულ პოლიტიკურ სპექტრსაც და თვითონ პოლიტიკურ პარტიებს შიგნით. არჩევნებამდე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მოხდება და პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტენ ჯანსაღი ძალები, სათანადო კომპეტენციის მქონე ადამიანები. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავ პაატა ბურჭულაძის შემოსვლას პოლიტიკაში. თუმცა ჯერ ძალიან ნაადრევია საუბარი იმაზე, როგორ შეცვლის ძალთა ბალანსს, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ არაფერი მისი პოლიტიკური ძალის პლატფორმაზე, საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე და ა.შ. ის ფაქტი, რომ მან ამ ეტაპზე ფონდში ისა ადამიანები შემოიკრიბა, ვისაც აქამდე დასავლური კურსი აქვს გამოცხადებული პრიორიტეტად, უკვე ძალიან კარგია. თუ ეს და სხვა მათ მსგავსად მოაზროვნე ადამიანები იქნებიან პარტიაში, ეს ჩემთვის ძალიან კარგი სიგნალი იქნება იმისთვის, რომ დემოკრატიული და დასავლური ვექტორი ძლიერდება. თუმცა, როგორც გითხარით, ამას დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება მრევლს, ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით. ის რომ პაატა ბურჭულაძე ახლოსაა უწმინდესთან, აშენებს ეკლესიას, ეწევა ქველმოქმედებას, არ ნიშნავს, რომ ის მრევლისთვის უპირობოდ იქნება მისაღები. ზოგადად მე არ მომწონს რელიგიური თემებით სპეკულაცია პოლიტიკოსების მხრიდან და არ ვისურვებდი, რომ ბატონ პაატას ასეთი ნაბიჯები გადაედგა. არც მგონია, რომ ის ამ თემით სპეკულირებას დაიწყებს. რაც შეეხება თვითონ რელიგიის მნიშვნელობას და ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახს და ა.შ. ეს სწორედ ახალი მემარჯვენეობის ერთ-ერთი ძირითადი იდეოლოგიური დასაყრდენია, მაგრამ არასოდეს ამით მრევლის მიმხრობაზე არ გვიფქრია. ამ ეტაპზე მხოლოდ წარმატებები შემიძლია ვუსურვო ბატონ პაატას.

_ რამდენად ჭრელი იქნება პარლამენტი, როგორია თქვენი პროგნოზი და უშვებთ იმას, რომ მმართველი კოალიცია უმცირესობაში აღმოჩნდეს?
_ მე ვფიქრობ, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრაქტიკულად ყველა ის ბერკეტი დაიტოვა საკანონმდებლო დონეზე, რასაც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა იყენებდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მას გაუჭირდება უმრავლესობით მოსვლა. ის, რომ ხელისუფლება ვერ შეელია მაჟორიტარ დეპუტატებს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, არ წავიდა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე 2016 წელს და ეს 2020 წლისთვის გადადო, უკვე მიანიშნებს, რომ მას ეშინია ძალაუფლების დაკარგვის.
_ რამდენად მძიმე სოციალური და პოლიტიკური ფონია ქვეყანაში და გადაარჩენს კი ხელისუფლების იმიჯს ის სოციალური ბიუჯეტი, რომელიც ივნისიდან პენსიის 20 ლარით გაზრდას გულისხმობს?
_ მე ხშირად მიწევს ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრა და ვხედავ მოსახლეობის სერიოზულ უკმაყოფილებას. იმედგაცრუება მით უფრო დიდია, რამდენადაც გულუხვი იყო "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები. ხალხის ჯიბეს, ოჯახების ბიუჯეტს არაფერი სასიკეთო დაეტყო არც ივანიშვილისგან დაპირებულ "საუკეთესო" მესამე წელს და არც იმის პირი უჩანს, რომ მეოთხე წელს დაეტყობა რამე. ხელისუფლებას არ უნდა დაიჯეროს რომ ხალხს ძალიან უჭირს, მოაქვთ რაღაც სტატისტიკა, ციფრები, მაგრამ სტატისტიკას ვერ შეჭამ, როცა გშია, ვერ გადაიხდი კომუნალურ გადასახდს. ახლა ეს ჯერ 10 და მერე დიდი ორომტრიალის შედეგად 20 ლარით გაზრდილი პენსია! როგორ ფიქრობთ, მოსახლეობა, რომელიც ხედავს, რომ არადა არ დამთავრდა ეს 5 და 10 ათასიანი დანამატების ჯიბეში ჩაჩხრიალება, ეს კოლოსალური დანახარჯები ჩინოსანთა საწვავზე, მივლინებებზე, სატელეფონო საუბრებზე, მადლიერი იქნება 20 ლარით გაზრდილი პენსიით? ცხადია, არა! ის ფიქრობს და სავსებით სწორად ფიქრობს, შენ თუ 5000 ლარი არ გყოფნის და მეორე იმდენს დანამატად იღებ, მე 20 ლარის მომატება და 180 ლარიანი პენსია როგორ მეყოსო. თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ, თორემ გუშინდელი ოპოზიციონრების და დღეს ხელისუფლებაში მოსულთა გასამდიდრებლად არ გამოსულა ხალხი "ქართული ოცნების" მრავალათასიან მიტინგებზე და შემდეგ საარჩევნო ყუთებთან.
რაც შეეხეება საყოველთაო ჯანდაცვას, ენა როგორ მომიბრუნდება რომ ვთქვა არ უნდა იყოს-თქო. ამან ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ საბოლოო ჯამში ის უნდა შეიცვალოს დიფერენცირებული ჯანდაცვის პოლიტიკით. ფული, უფასო ოპერაცია, მედიკამენტი, ვაჩერი უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, თორემ მარეგულირებელი კომისიის 12 ათას ლარიან ჯამაგირის მქონე თავჯდომარეს რად უნდა 20 ლარიანი ე.წ. "ენერგეტიკული ვაუჩერი" ? ან ვიღაც მინისტრის მოსადგილე ან დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც მინისტრზე მაღალი ხელფასი აქვს, რატომ უნდა იკეთებდეს ბრმანაწლავის ოპერაციას სახელმწიფოს ხარჯზე? კეთილი ინებოს დაეზღვიოს და დაზღვევამ აუნაზღაუროს ხარჯი. გამოთავისუფლებული თანხა იმათ მოხმარდებათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

_ ხელისუფლებამ უარი თქვა მაჟორიტარების გაუქმებაზე და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს მაჟორიტართა არჩევის წესში. საარჩევნო ოლქების გაყოფა და მეტი მაჟორიტარის გაჩენა მომავალ პარლამენტში ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთი იქნება.
_ ვერ გეტყვით რამდენად მძიმე ტვირთი იქნება ბიუჯეტისთვის. ამას დათვლა უნდა. ბიუროკრატიის შენახვა ისედაც მძიმე ტვირთია ჩვენი ბიუჯეტისთვის. 9 მილიარდიანი ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი ისედაც მათ ხელფასებს ხმარდება. მხოლოდ ხელფასებს და არა სატრანსპორტო ხარჯებს, საკომუნიკაციო ხარჯებს, შენობა-ნაგებობების შენახვას და კომუნალურ ხარჯებს. ესეც რომ დავუმატოთ, პლიუს თვითმმართველობების შენახვაზე გაწეული ხარჯები, ციფრები ბევრად შთამბეჭდავი იქნება. სამი წელი ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა საარჩევნო სისტემის შეცვლისთვის, არ წამოვიდა დიალოგზე ოპოზიციასთან, არ იხელმძღვანელა სახელმწიფოს ინტერესებით, მხოლოდ თავის თავზე იფიქრა და შემოგვთავაზა დოკუმენტი, რომელზეც, ჩემი აზრით სერიოზული ადამიანები არც უნდა მსჯელობდნენ. ეს არის საქართველოს ნაფლეთებად "დაგლეჯვა" , როცა საარჩევნო ოლქების ჩამოყალიბება უნდათ მუნიციპალიტეტებისგან თემების, სოფლების "მოწყვეტის" და სხვა მუნიციპალიტეტებზე მიკუთვნების გზით. ამ დაყოფით გორის ამომრჩევლის ნაწილი მიკუთვნებულია კასპზე, კასპის ამომრჩევლის ნაწილი ქარელზე, ლენტეხელი - ცაგერზე, ზესტაფონელი - ქუთაისზე და ა.შ. ჩვენ მათ შევთავაზეთ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერილი ორი ვერსია, რომელსაც არ სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები და ამავდროულად აკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მოსმენაც კი არ უნდათ. რატომ? იმიტომ, რომ კარგავენ ბერკეტს, რითიც სავარაუდოდ , 73 - ვე მაჟორიტარულ მანდატს ჩაიდებენ ჯიბეში და პრაქტიკულად შეინარჩუნებენ უმრავლესობას. ამ ხელისუფლებამ არ ითაკილა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატებით უმრავლესობის შევსება, როცა უმრავლესობა "თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვეს, არ თაკილობს ნაციონალური მოძრაობის "გამოცდილი" ბერკეტის - მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას, არ ადარდებს ქვეყნის და საკუთარი დემოკრატიული იმიჯის შელახვა და არ ეთაკილება პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო გადაწყვეტილებები მიაღებინოს ვითომ "დამოუკიდებელ" მოსამართლეს, როცა საქმე მათთვის არასასურველ მედიასაშუალებას ეხება და ა.შ. საწყენია ეს ყველაფერი.

_კოალიციური ხელისუფლება აცხადებს, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლება თავისუფალია სახელმწიფოს მხრიდან კონტროლისგან, იმასაც უარყოფს, რომ წინა ხელისუფლების დროინდელი ე.წ. მონა მოსამართლეები, რომლებიც ნაცელიტის სურვილებს სასამართლოს დარბაზებში ნოტარიალურად ამოწმებდნენ, დღეს იგივე მოსამართლეთა კორპუსს წარმოადგენენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე კი , როგორც ჩანს, შესაძლოა უვადოდ დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. რა ხდება სასამართლო ხელისუფლებაში? საქართველოს სახელით გამოტანილი დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები წარსულს ჩაბარდა?
_ ეს ძალიან მძიმე რამ არის და ჩვენ ამას არ შევეგუებით. მე მინდა საზოგადოებას გავახსენო რა ეწერა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით: სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის სასჯელის თავიდან აცილების საქმეში ამოქმედდა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი თავისი მართლმსაჯულების ორგანოებით. და ვინ იყო ამ ვერტიკალში უმნიშვნელოვანესი რგოლი, რომლის ხელითაც სანდროს მკვლელები პრაქტიკულად დაუსჯელნი დარჩნენ? სასამართლო და მოსამართლე ლევან მურუსიძე! მე არ ვიცი გახსოვთ თუ არა პარლამენტის პირველი სხდომა, სადაც ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს ფეხზე ადგომა და ქალბატონი ირინა ენუქიძის ხსოვნისთვის პატივის მიგება სთხოვა! მაშინ ამბობდნენ იმას, რომ დღეს ხელისუფლებაში ვართ, ქალბატონ ირინას უნდა ვუმადლოდეთო. დღეს მურუსიძე, რომელმაც სანდროს მკვლელები ციხიდან გამოუშვა, სააპელაციოში უვადოდ რომ დაინიშნება ირინა ენუქიძის ხსოვნის შეურაცხყოფა იქნება, რადგან სწორედ ამ ადამიანმა შეასრულა მაშინდელი ხელისუფლების დავალება და სანდროს მკვლელები ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვა. და საერთოდ, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ქვეყანაში რეალურად არ ჩატარებულა, პროკურატურა ისევ აღმასრულებელი შტოს განკარგულებაშია, მათავარ პროკურორს კვლავ ხელისუფლების ხელდასმით შექმნილი საბჭო წარადგენს და სახელისუფლებო უმრავლესობა ამრკიცებს პარლამენტში, სხვათაშორის იმ საპროკურორო საბჭოში, რომელმაც თითქოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღო შოთაძესთან დაკავშირებით, სწორედ ლევან მურუსიძის "გამწესებული" ორი ადამიანი ზის. ასე რომ ქალბატონ წულუკიანს ტყუილად ჰგონია რომ მისი რეფორმების ვინმეს სჯერა. "ჩვენ არ ვგავართ ნაციონალურ მოძრაობას", "ჩვენ არ ვართ ნაციონალური მოძრაობა" - ამ ტიპის განცხადებები არავის აინტერესებს, არავინაა ვალდებული ხელისუფლებას სიტყვაზე ენდოს. სისტემა უნდა იყოს გარანტი, რომ ხელისუფლება ვერც პროკურატურის და ვერ სასამართლოს საქმიაობაში ვერ ჩაერევა, თორემ ცარიელ სიტყვას ფასი არ აქვს. ხელისუფლებას ურჩევნია საქმე გვაჩვენოს!

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
რონალდ რეიგანი
ძალაუფლების კონცენტრირება ყოველთვის თავისუფლების მტერი იყო.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31