"ახალი მემარჯვენეები", იმთავითვე ვამბობდით, რომ რადგან უკვე აშენდა და ფული დაიხარჯა პრეზიდენტის სასახლეზე, ის უნდა გამოიყენონ ქვეყნის ამ და სხვა პრეზიდენტებმაც.
"ახალი მემარჯვენეები", იმთავითვე ვამბობდით, რომ რადგან უკვე აშენდა და ფული დაიხარჯა პრეზიდენტის სასახლეზე, ის უნდა გამოიყენონ ქვეყნის ამ და სხვა პრეზიდენტებმაც.
"ახალი თაობა" 13 ნოემბერი, 2015
შორენა კოწოწაშვილი
ინტერვიუ `ახალი მემარჯვენეების~ ერთ-ერთ ლიდერ მანანა ნაჭყებიასთან
_ ქალბატონო მანანა, პრზიდენტის რეზიდენციის ირგვლივ კამათი არ ცხრება. ბიძინა ივანიშვილი დამ ის კვალდაკვალ მმართველი გუნდის წევრები ცალსახად აპელირებენ, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რეზიდენცია უნდა დატოვოს და ათონელზე გადავიდეს. რამდენად მართებულია ეს დამოკიდებულება?
_ გასაკვირია, რომ ასეთ სიტუაციაში, როცა ქვეყანა უამრავი საშინაო თუ საგარეო გამოწვევის წინაშე დგას, ხელისუფლება იმაზე მნიშვნელოვანს ვერაფერს ხედავს პრეზიდენტი რომელ შენობაში მუშაობს. მაშინ როცა მსოფლიო, მათ შორის ჩვენს მახლობლად დაძაბულობის კერებით არის სავსე და ჩვენც საფრთხეს გვიქმნის, - ადამიანებს სჭირდებათ მშვიდობის და სტაბილურობის გარანტიები, როცა უამრავი ადამიანისთვის ყოველი ცისმარე დღე იწყება ელემენტარული საკვების მოპოვებისთვის ბრძოლით - მათ სჭირდებათ სამუშაო ადგილები, მაშინ, როცა მომავალი წლისთვის ეკონომიკის ზრდას 3%-ით ვგეგმავთ - ქვეყანას სჭირდება ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა. ამ დროს რითია დაკავებული ხელისუფლება? თავისთავად ცხადია, რომ პრეზიდენტის სასახლე არ უნდა იყოს მისი დღის წესრიგი, მაგრამ ასე სურს ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ივანიშვილს და ამიტომაც იქცა ეს თემა მთავრობის და პარლამენტის ნაწილის მთავარ სასაუბრო და სამოქმედო თემად. აშკარად იგრძნობა რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ამ გზით დასაჯოს და დააკნინოს პრეზიდენტი, რომელმაც გაბედა და ვეტო დაადო ე.წ. მოსმენების კანონს, მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის წესის ამოქმედების გადავადებას და სხვა არადემოკრატიულ ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელსაც ახორციელებდა და ახორციელებს "ქართული ოცნება" . პრეზიდენტი, რომელიც ერთადერთი ინსტიტუციაა საქართველოში, რომელიც არ მოექცა ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ და ასევე ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი მედიასაშუიალებები არის ის, რაც აღიზიანებს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ის მიზანმიმართულად არის დაკავებული მათ წინააღმდეგ ბრძოლით.
_ თქვენი პოზიცია გასაგებია, თუნცა, იგივე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა, რომ მარგველაშვილი თავიდან არ აპირებდა ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლას და ათონელზე შენობა საპრეზიდენტო რეზიდენციად სწორედ მისი თანხმობით გარემონტდა. რითი ხსნით მარგველაშვილის პოზიციის ცვლილებას?
_ ამ სიტუაციაში მარგველაშვილის პოზიციის ცვლილება კი არ არის საინტერესო, არამედ ის, რაც სჭირდება ქვეყანას. ჩვენ "ახალი მემარჯვენეები", მაშინათვე ვამბობდით, რომ რადგან უკვე აშენდა და ფული დაიხარჯა პრეზიდენტის სასახლეზე, ის უნდა გამოიყენოს ქვეყნის ამ და სხვა პრეზიდენტებმაც. სხვა დანარჩენი, "ეს იყო ბოროტების" სასახლე" და ა.შ. ბელეტრისტიკაა და არ სჭირდება ქვეყანას და მისი განვითარების ინტერესებს.
_ ერთის მხრივ, პრეზიდენტის პოზიციაც გასაგებია, რომ ის შენობიდან არ უნდა გამოასახლონ. მეორეს მხრივ, რაღატომ დათანხმდა ახალი რეზიდენციისთვის შენობის გარემონტებაზე, რომელიც მილიონობით ლარი დაუჯდა ბიუჯეტს?

_ და რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ამ გარემონტებულ შენობას გაყიდიან თუ ათონელზე არსებულ შენობას? მე არ ვიცი ვინ რას დათანხმდა, მით უმეტეს, ერთ ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა მიმოწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის და იქ სულ სხვა რამ ჩანს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არ ცვლის იმ რეალობას, რომ ეს ქვეყნისთვის სრულიად უდროო, უადგილო და არასაჭირო აჟიოტაჟია, რომელიც ვნებს მის დემოკრატიულ განვითარებას და საერთაშორისო იმიჯს.
- ხელისუფლება აცხადებს, რომ მაშინ როცა ქვეყანას უჭირს, ბიუჯეტიდან 10 მილიონი არ უნდა იხარჯებოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენახვაზე

ეს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა. მეტიც, ამ ხელისუფლების მხრიდან ცინიკურია ასეთი განცხადებები და ზრუნვა 10 მილიონის დაზოგვაზე, მაშინ როცა მთელი ქვეყანა ხედავს, როგორ იხარჯება ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიარდი ლარი მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეთა კომფორტზე. ჯერ ერთი, უნდა დავაზუსტოთ, რომ 10 მილიონი არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი, რაც არ არის რაღაც განსაკუთრებულად დიდი, თუ გავითვალისწინებთ ხელისუფლების ამ შტოს მნიშვნელობას. ეს ხარჯი მაინც გასაწევი იქნება, მიუხედავად იმისა სად იქნება განთავსებული პრეზიდენტის ადმინისტრაცია. რაც შეეხება განათებას და გათბობას, შესაძლოა შედარებით ნაკლები ზომის შენობაში ნაკლები დაჯდეს, მაგრამ ეს სხვაობა იმდენად მიზერული იქნება, რომ სალაპარაკოდ არც ღირს. ახლა ვნახოთ რა ხდება ხელისუფლების სხვა შტოს მხარეს! საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ბოლო ორ წელიწადში სახელმწიფო მოხელეების შენახვის ხარჯი 400 მილიონით გაიზარდა და 1 მლრდ. 500 მლნ. ლარი შეადგინა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის, რომ ეს მხოლოდ მათი ხელფასები და დანამატებია, ამ თანხაში არ შედის და ცალკეა საწვავის, მივლინების, კომუნიკაციის და სხვა ხარჯები, ასევე არ შედის თვითმმართველობების ხარჯები, ე.წ. აიპ-ების ხარჯები, რომელთა რაოდენობა ქვეყანაში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და უზარმაზარი თანხა ჯდება. გადახედეთ ადგილობრივ მედიას და ნახავთ უამრავ მამხილებელ სტატიას, რომ ამ აიპ-ებში ხელისუფლების აქტივი, მათი ადგილობრივი ლიდერების ნათესავები და მეგობრები არიან დასაქმებული. გახსოვთ "კორპუსების ამხანაგობები" და იქ დასაქმებული ნაციონალური მოძრაობის აქტივი? დღეს გვაქვს აიპ-ები და იქ დასაქმებული "ქართული ოცნების" აქტივი და მათი ნათესავები! რა შეიცვალა? პრაქტიკულად არაფერი.
ივანიშვილმა ეცადა პრეზიდენტი საზოგადოების თვალში წარმოედგინა ადამიანად, რომელიც პრეზიდენტის სასახლეს, სხვა რეზიდენციებს არის დახარბებული, მარამ ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი მუშაობს ტრადიციულ ადგილას – პრეზიდენტის სასახლეში, არ ხარჯავს ბიუჯეტის თანხებს საცხოვრებელი სახლის დაქირავებისთვის და ცხოვრობს დუშეთში, საკუთარ სახლში და არ გააჩნია არავითარი რეზდენცია. ბობოყვათის რეზიდენციის თემაც ივანიშვილის მხრიდან გამიზნული დისკრედიტაციის მცდელობა მგონია, იმიტომ, რომ პრეზიდენტი აშკარად თავმდაბალი ცხოვრების წესს ანიჭებს უპირატესობას და ეს კარგად ჩანს. ამასთან, მეეჭვება, მისი ნატურიდან გამომდინარე როდესმე სადმე თქვას, რომ ის საუბარი, რომელიც ივანიშვილმა "გაიხსენა" ბობოყვათის რეზიდენციასთან დაკავშირებით, ჩემი ვარაუდით, არც არასდროს შემდგარა. ივანიშვილმა იცის, რომ ამის გარჩევას და ჭორაობას მარგველაშვილი არ დაიწყებს და სარგებლობს ამით, რაც ჩემი აზრით, არ არის კარგი საქციელი.

_ რამდენად სერიოზულ ჩრდილს აყენებს პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული მსგავსი განცხადებები და რატომ არ ითვალიწინებს მმართველი გუნდი, როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს დასავლეთი?
_ ცხადია, ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. დემოკრატიული სამყარო მიჩვეულია, რომ პრეზიდენტები მუშაობენ მათთვის გამოყოფილ ადგილას და ეს ადგილი არის ტრადიციული. არავის მოუვა აზრად, იმის მიხედვით, მოსწონს თუ არ მოსწონს ხელისუფლების სხვა შტოებს პრეზიდენტი, ის სხვა შენობებში გადაიყვანონ . ჩვენც, თუ გვინდა გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოშიც, სხვა დემოკრატიული სახელმწოიფოების მსგავსად, უნდა დამკვიდრდეს ტრადიიცია პრეზიდენტის სასახლე იყოს ყოფილი, ამჟამინდელი და მომავალი პრეზიდენტების სამუშაო ადგილი და არავის ჰქონდეს უფლება მანიპულირება მოახდინოს ამ თემით.
როგორ ფიქრობთ, მაინც მოუწევს მარგველაშვილს ავლაბრის რეზიდენციის დატოვება? როგორც ჩანს, ამ მხრივ მთავრობა უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს.
_ მე ვფიქრობ, რომ არ მოუწევს. არ ჩანს ამის არანაირი იურიდიული და საკანონმდებლო საფუძველი. თუ მოქალაქე ივანიშვილს უნდა რომ პრეზიდენტმა ეს შენობა დატოვოს, მე, და დარწმუნებული ვარ, ათასობით სხვა მოქალაქეს არ გვინდა, რომ საქართველო ამ სამარცხვინო ფაქტით შევიდეს ისტორიაში.

_ რამდენად რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს პრემიერი ღარიბაშვილი რეზიდენციის თემასთან დაკავშირებით და ხომ არ უშვებთ, რომ თუ პრემიერი ვერ შეძლებს პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადააბარგოს, შეიძლება მთავრობის მეთაურის პოსტს გამოეთხოვოს?

არ ვიცი როგორ იქნება ღარიბაშვილის საქმე თუ ის ამ დაკვეთას ვერ აღასრულებს. მართლა არ მინდა ისეთი პრემიერ-მინისტრი მყავდეს, რომელის ყოფნა-არყოფნა ივანიშვილის კაპრიზების შესრულება-არშესრულებაზე არის დამოკიდებული. მან უნდა იცოდეს, რომ არც "ახალი მემარჯვენეები" და არც სხვა დემოკრატიული ძალები საქართველოში არ მივცემთ მოქალაქე ივანიშვილს უფლებას დააკნინოს და ხელი შეუშალოს პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს არსებობას ჩვენს ქვეყანაში, რაც უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატებაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ეს სჭირდება ქვეყანას და არ დავუშვებთ, რომ ვინმეს პირადი ანგარიშსწორების გამო ზიანი მიადგეს ამ ინსტიტუტს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
აქტუალური თემა
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების  გამომზეურება, მათი თანადგომა.
მანანა ნაჭყებია: საჭიროა ხალხთან უფრო ახლოს ყოფნა და მათი პრობლემების გამომზეურება, მათი თანადგომა.
- საარჩევნო წელი დაიწყო, მოდის თვითმმართველობის არჩევნები-როგორია გარემო, იქნება თუ არა რაიმე ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობი საარჩევნო კოდექსში, არის თუ არა შანსი პოლიტიკური სპექტრი სხვა ძალებით შეივსოს?
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს არჩევნებში გამარჯვებამდე "ქართული ოცნება" მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გულმხურვალე მომხრე იყო, დღეს უკვე ხელისუფლებაში მყოფი პარტია სულაც აღარ ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს . შექმნილია საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ამზადებს, მათ შორის, საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებიც იგულისხმება, მაგრამ მე ნაკლებად მაქვს იმედი, რომ ამ ცვლილებებს ხელისუფლება განახორციელებს. ბუნებრივია, მას, ისევე როგორც წინა ხელისუფლებას, არ აწყობს იმ სისტემის გაუქმება, რომელიც საშუალებას აძლევს ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე ნაკლები მიიღოს, მაგრამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ასე, რომ, ალბათ საარჩევნო სისტემა, საარჩევნო გარემო არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შეიცვლება და არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ხელისუფლება ამ ბერკეტს, რომელიც მას პარლამენტში დამატებით მანდატების მოპოვების საშუალებას აძლევს, არ დათმობს.
შესაბამისად, რაღაც განსაკუთრებულ ცვლილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხდევით არ ველოდები. ოცნება ადგილობრივ თვითმმართველობებშიც მოიპოვებს მანდატების უმრავლესობას. დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
[ სრულად ]
რონალდ რეიგანი
ძალაუფლების კონცენტრირება ყოველთვის თავისუფლების მტერი იყო.
ფეისბუქის ფან ბოქსი
« მარტი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31