"მემარჯვენეების" ლიდერი _ დავით გამყრელიძე, "ქრონიკის" კითხვებს უპასუხებს
_ ჰილარი კლინტონის ვიზიტი აძლევს თუ არა ოპოზიციას საშუალებას, გაიხაროს? თქვენი აზრით, რისთვის იყო ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩამოსული, საზოგადოების დიდ ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ჰილარი კლინტონი ლობირებს სააკაშვილის ხელისუფლებას და მომხრეა, რომ ის დარჩეს ხელისუფლებაში.
_ მე არ დამრჩენია ეს შთაბეჭდილება, რომ ჰილარი კლინტონი შეგუებულია „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დარჩენას, მან ხაზგასმით აღნიშნა, _ არჩევნების სამართლიანად ჩატარება არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პრინციპული მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ამ არჩევნების შედეგი უნდა განსაზღვროს თავიდან ბოლომდე ქართველმა ხალხმა, ეს არ განისაზღვრება არც ვაშინგტონში, არც ბრიუსელში და არც მოსკოვში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოში, რომ არ აპირებს დაუთმოს რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება. ამერიკა ამ საკითხში ბოლომდე გვერდით უდგას საქართველოს, აი, ამ კუთხით შევხედოთ ჰილარი კლინტონის ვიზიტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ჩემი შეხვედრის დროს საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო ჩიკაგოს სამიტზე მისი მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ 2014 წლის სამიტისთვის ყველაფერი მოგვარდება, რათა საქართველო ნატოში გაწევრიანდეს. ამისთვის კი საჭიროა სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება. თუმცა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი არის დიდი საფრთხის შემცველი. ეს არის პირდაპირი სიგნალი პუტინისთვის და კრემლისთვის, ისინი ღიად აცხადებენ, _ რომ არა 2008 წლის ომი, საქართველო ნატოში გაწევრიანდებოდაო. ამ ომის ძირითადი მიზანი სწორედ ის იყო, რომ საქართველო შეეჩერებინათ, რათა არ გაწევრიანებულიყო ნატოში. ჰილარი კლინტონთან შეხვედრისას მოვიყვანე უკრაინის მაგალითი, როდესაც რუსეთმა მოახერხა ისეთი პოლიტიკური ლიდერის მოყვანა ხელისუფლებაში, რომელმაც საერთოდ მოხსნა დღის წესრიგიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი. არადა, ყველას გვახსოვს, უკრაინა ნატოსთვის და ევროკავშირისთვის ბევრად უფრო სასურველი იყო, ვიდრე საქართველო.სამწუხაროდ, რუსეთი ყველანაირად შეეცდება, ძალიან აქტიურად გამოიყენოს წინასაარჩევნო პერიოდი და ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ის წავა პროვოკაციებზე. მეტიც, არ არის გამორიცხული, რუსეთმა საქართველოში ხელახალი ომის პროვოცირება მოაწყოს.
_ ოფიციალური რუსეთი საკმაოდ აგრესიულად შეხვდა ჰილარი კლინტონის ვიზიტს საქართველოში და მის განცხადებებს. 2008 წლის შემდეგ ამერიკამ პირველად გამოუცხადა საქართველოს მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში. როგორ ფიქრობთ, რუსეთისთვის შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი ფაქტი ბიძინა ივანიშვილზე დევნა? თქვენ ჩემთან წინა ინტერვიუში აცხადებდით, რომ ივანიშვილმა მილიარდები რუსეთში იშოვა რუსეთის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების მფარველობის ქვეშო. შესაბამისად, თუკი ირიბად ივანიშვილი რუსეთის კაცია და მას საქართველოს ხელისუფლება საფრთხეს შეუქმნის, შემოიჭრება თუ არა რუსეთის ჯარი?
_ ვინ უნდა დაიჯეროს, რომ მილიარდ 400 მილიონი პუტინის თანხმობის გარეშე ბიძინა ივანიშვილს გამოატანეს რუსეთიდან? ამან დამარწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავიდან ბოლომდე არის რუსული პროექტი. ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება იქნება საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების ტოლფასი. მე როცა ვამბობდი, რუსეთი შეეცდება სწორედ უკრაინის მოდელი გაიმეოროს საქართველოში და იანუკოვიჩისნაირი ტიპაჟი მოიყვანოს საქართველოს ხელისუფლებაში-მეთქი, სწორედ ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობდი იმ პროექტში, რომელიც რუსეთს აქვს ჩაფიქრებული. შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი ბოლო კარტი რუსეთის ხელში იმისთვის, რომ კარდინალურად შეცვალოს საქართველოს განვითარების კურსი დასავლეთის ნაცვლად და შეატრიალოს ჩრდილოეთისკენ. ეს უნდა გაიაზროს ყველამ.
_ ბატონო დავით, სწორედ ასეთი მოსაზრებების გამო ძალიან ბევრი ამბობს, რომ თქვენი პოზიციები ემთხვევა სააკაშვილის პოზიციას და ამიტომაც ბიძინა ივანიშვილი გიწოდებთ სააკაშვილის ჯიბის ოპოზიციას.
_ რამდენიც არ უნდა იძახონ ჩემზე, რომ ჩემი პოზიცია და ჩემი შეფასება ემთხვევა პრეზიდენტის შეფასებას, არ მაინტერესებს, ხელისუფლება რას როგორ ამბობს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ადამიანი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეთ რუსული ორბიტიდან და გავხდეთ დასავლური ცივილიზაციის სრულუფლებიანი წევრი.
_ ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა კონსტიტუციური ცვლილების საფუძველზე, მიეღო პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. თქვენი აზრით, ეს დაწყებული ზეწოლა კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“ დამთავრდება თუ არა ივანიშვილის ქვეყნიდან გაგდებით და საერთოდ ჩახსნით პოლიტიკური პროცესებიდან? ბიძინა ივანიშვილმა არ გამოიყენა უფლება, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებით მას მიენიჭა...
_ დიახ, ეს ცვლილება ერთ კაცზე იყო მორგებული და ეს ხელისუფლებამ არ დამალა. როგორც თავის დროზე იყო კონსტიტუციის მორგება პრეზიდენტზე და მის ინტერესზე, ახლა კონკრეტულად ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ გაერთიანებასა და რაც მთავარია, უამრავი მილიარდების მქონე ადამიანზე მოიჭრა კონსტიტუცია, რადგან ფაქტია, მას თუ ეს უფლება არ მიეცემოდა, ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული სიგნალი დასავლეთისთვის, რომ საქართველოში არ არის თანაბარი პირობები შექმნილი, შესაბამისად, არ ჩატარებულა სამართლიანი არჩევნები და შესაბამისად, არჩევნების შედეგებს არ ექნებოდა ლეგიტიმაცია. რა თქმა უნდა, მისაღები იყო მოქალაქეობის აღდგენის ფორმა, მაგრამ ფაქტი შემდგარია, კონსტიტუცია შეცვლილია და როდესაც ეს ადამიანი ამ უფლებით არ სარგებლობს, საერთოდ, გაუგებარია პირადად ჩემთვის, მაშინ რა მიზანს ისახავდა მთელი ეს კამპანია, თუ მას არ უნდოდა და მისთვის არ იყო პრინციპული არჩევნებში მონაწილეობა? მე ვფიქრობ, რომ მან სწორედაც უნდა გაიაროს რეგისტრაცია, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, შეიძინოს იმუნიტეტი და ამით მოხსნას ყველა ის საშიშროება, რაც ამ უგუნური ხელისუფლებისგან არის მოსალოდნელი. ხელისუფლება ყველანაირ რეპრესიას გაატარებს კონკურენტის ჩამოსაცილებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი ისეთივე კონკურენტია, როგორც, თავის დროზე, სააკაშვილი, ივანიშვილი ისევე კადრულობს უკადრებელს, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებს „ახალი მემარჯვენეების“ წინააღმდეგ, როდესაც ჩვენ შეკრულებს გვეძახის, რაც სამარცხვინოა მისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ არჩევნების დროს ყველას ჰქონდეს თანაბარი პირობები და თავად ხალხმა გადაწყვიტოს ამ არჩევნების ბედი.
_ თქვენ კატეგორიულად აცხადებთ, რომ ივანიშვილმა უნდა მიიღოს კონსტიტუციური ცვლილება და პოლიტიკოსის იმუნიტეტი მოირგოს, რითაც მოიხსნება ბევრი კითხვის ნიშანი. თუკი ივანიშვილი ამ შეთავაზებას არ მიიღებს, ეს რა ეჭვებს გაგიმყარებთ?
_ ლოგიკურად ჩნდება ეჭვი იმისა, რომ მას არჩევნებში მონაწილეობა კი არ უნდა და პარლამენტში მოსვლა, არამედ მას უნდა სხვა მეთოდით ძალაუფლების აღება, უფრო სწორად, მისი მიზანია, რომ პოლიტიკური ტემპერატურა გარკვეულ გრადუსამდე მივიდეს, დაიძაბოს სიტუაცია, მერე ქვეყანაში დაიწყოს მღელვარება და იმედი აქვს, რომ არეულობაში ბევრად უფრო მეტს მიიღებს. ეს არის დავალება პირდაპირ მოსკოვიდან, რომ ასეთი ფორმით შემდგომ მოხდეს საქართველოს უკვე სხვა მიმართულებით წაყვანა და როგორც აღვნიშნე, რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. ეს არის დაუშვებელი, პირდაპირ თქვენი გაზეთით ვეუბნები ბიძინა ივანიშვილს, – ის ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოახერხებს, რომ საქართველო დააბრუნოს რუსულ ორბიტაზე და შეცვალოს საქართველოს განვითარების ვექტორი... ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთპიროვნული ლიდერი და მხოლოდ თავად იღებს გადაწყვეტილებას. ეს ძალიან კარგად ჩანს მის ინტერვიუებში, თუნდაც თქვენს გაზეთში დაიბეჭდა მისი ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ მას უკვე გადანაწილებული აქვს, ვინ სად იქნება, ოღონდ ამაზე არავინ არაფერი არ იცის. ვინ იქნება პრეზიდენტი, მთავრობაში ვინ სად იქნება, ეს თვითონ აქვს გადაწყვეტილი და მისი კოალიციის წევრები საქმის კურსში არ არიან. სხვათა შორის, ეს ინტერვიუ საკმაოდ საინტერესო იყო, სადაც ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას ამბობს ბიძინა ივანიშვილი, რომთავის დროზე ის 100 მილიონ დოლარს სთავაზობდა მიხეილ სააკაშვილს. პრაქტიკულად, ის ამით ამბობს, რომ ის აძლევდა ქრთამს ქვეყნის უმაღლეს პირს და სააკაშვილს რომ 100 მილიონი გამოერთმია ივანიშვილისთვის, გამოდის, რომ ბიძინა ქვეყანას 100 მილიონად ყიდულობდა. ხალხო, რა სისულელეა, რა არგუმენტია ეს? პრეზიდენტს ეუბნები, შენ ქრთამი არ აიღო და 100 მილიონს მე მოგცემო? კი მაგრამ, ბიძინა ივანიშვილისგან სააკაშვილისთვის მიცემული ქრთამი არ იქნებოდა?! მე და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი შეურაცხყოფილი დავრჩით, როდესაც წავიკითხე, ივანიშვილი ქვეყნის პრეზიდენტს 100 მილიონ დოლარად ყიდულობდაო. ამაზე საგანგაშო, დანაშაულებრივი და შეურაცხმყოფელი განცხადება არ გამიგია...
_ ცნობილი გახდა, რომ კულუარებში კლინტონის ვიზიტისას ოპოზიციამ ერთმანეთში იკამათა. რას ეხებოდა თქვენი კამათის თემა?
– სამი ძირითადი ოპოზიციური ძალა შეხვდა ჰილარი კლინტონს, იყო ძალიან საინტერესო და უშუალო საუბარი, არანაირი დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. ერთადერთი დაძაბული საუბარი შედგა იმ საკითხზე, როდესაც დათო უსუფაშვილი უმტკიცებდა ჰილარი კლინტონს, რომ ამ კონსტიტუციური ცვლილებებით ბიძინა ივანიშვილს მაინც არაფრის უფლება არ აქვს, გარდა პასიური საარჩევნო უფლებისა, გიორგი თარგამაძემ, როგორც ამ კანონპროექტის ინიციატორმა, განმარტა, რომ ხდება საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია და ივანიშვილს, კონსტიტუციური ცვლილებიდან გამომდინარე, პოლიტიკურად ყველაფრის უფლება აქვს. ერთადერთი საკითხი იყო, რაზეც ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობააო. რაც შეეხება იმ საკითხს, თითქოს კლინტონმა თქვა, რომ მოქალაქეობა უნდა მიენიჭოს ივანიშვილსო, კლინტონის მხრიდან ამდაგვარი არაფერი არ თქმულა, როცა ითქვა, რომ ივანიშვილი კონსტიტუციური ცვლილებით არ სარგებლობსო, კლინტონმა თქვა, რომ ეს საკითხი ყველა ქვეყანაში სპეციფიკურია და ამ საკითხში ჩარევა ძალიან გაუჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებსო...
ნინო სამხარაძე - "ქრონიკა"

ქართული
English
Pусский








