დავით გამყრელიძე: "ივანიშვილმა პოლიტიკური ბრძოლა გამოგვიცხადა და "ახალი მემარჯვენეებიც" ბრძოლას ვუცხადებთ ივანიშვილს!"
"ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თავის სამართლებელი რა მაქვს იმ კაცთან, ვინც ამ წლების მანძილზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა საააკაშვილ-მერაბიშვილს?! ეს არის კაცი, ვისთვისაც მერაბიშვილი დღემდე ავტორიტეტია და კაცი, ვინც ისევ მოხიბლულია ზურაბ ადეიშვილით. ჩემთვის კი ორივე დანაშაულთან და კრიმინალთან ასოცირდება."
-----
ნებით თუ უნებლიედ, "ახალი მემარჯვენეები" " ქართული ოცნების" ფიქრისა და განსჯის საგანი 27 მაისამდეც აღმოჩნდნენ და 27 მაისსაც. საარჩევნო კამპანიის გახსნის დღეს, ბიძინა ივანიშვილის გვერდით, სცენაზე დავით საგანელიძე იდგა, რომელმაც ერთი დღით ადრე განაცხადა, "ახლებიდან" "ოცნებაში" მივდივარ და მხარდამჭერებს ვთხოვ, წამომყვნენო. სწორედ ამავე დღეს, პირდაპირ ეთერში გაახსენეს ივანიშვილს მისი მოკლე პოლიტბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაც _ "შუა უნდა გაიკრიფოს" და კოალიციის ლიდერმა მოულოდნელად "ჩვენება" შეცვალა, ხოლო ფრაზის კონტექსტი ისე დაავიწროვა, ბოლოს დააკონკრეტა _ "გასაკრეფთა" შორის მხოლოდ ახალი მემარჯვენეები და ქრისტიან-დემოკრატები ვიგულისხმეო. "ვერსია" "ახლების" ლიდერს, დავით გამყრელიძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა დავით საგანელიძის პარტიიდან წასვლის ფაქტსა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ განცხადებაზე:
_ ბიძინა ივანიშვილმა პრინციპული და უხეში შეცდომები დაუშვა პირველად მაშინაც, როცა "შუის გაკრეფაზე" დაიწყო საუბარი და დღესაც იმავეს აგრძელებს, მეორედ კი მაშინ, როცა თქვა, მე მჭირდება აბსოლუტური ძალაუფლება და კონსტიტუციური უმრავლესობაო. ასე დაიწყო სააკაშვილმაც და ვნახეთ, როგორ მივიდა ნეობოლშევიზმამდე. ზუსტად ასეთივე საფრთხეა ივანიშვილის სურვილშიც. ფართო კოალიციაზე საუბარი სისულელეა და მგონი, ყველა ხედავს, რომ `ოცნება~ ერთი კაცის კოალიციაა. სააკაშვილი შევარდნაძის რევანშისტების მეშვეობით მოდიოდა, ივანიშვილი კი დღევანდელ ხელისუფლებაზე რევანშის იდეით მოდის და მისი მთავარი ინსტრუმენტი ფულია. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს და იმედი მაქვს, არ გამოუვა, ბითუმად იყიდოს მთელი საქართველო. ყველას შევახსენებ, თუ მას 6 მილიარდი აქვს, მსოფლიოში სხვაც ბევრი ადამიანია, ვინც საქართველოთია დაინტერესებული და, შესაძლოა, ასეულობით მილიარდიც ჰქონდეს. ერთ-ერთია ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების მიერ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანადაა აღიარებული, ოღონდ არალეგალური ფულით. ასე რომ, არ უნდა დავუშვათ, ვინმემ ჩვენი შესყიდვა მოახერხოს.
_ მთელი ამ პასაჟის მანძილზე თქვენი და ხელისუფლების არგუმენტები ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს...
_ რა ვქნა, იმის გამო, რომ რაღაც ემთხვევა, აზრს ვერ შევიცვლი. ვერც ივანიშვილს მივცემ იმის საშუალებას, როცა მოუნდება, ჩემი და ჩემი პარტიის სახელი აგდებულად წამოიძახოს. პირიქით, ბატონი ივანიშვილის გამოწვევა მივიღეთ და ჩვენგანაც ადეკვატურ პასუხს უნდა ელოდოს იმ პროცესში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია. ივანიშვილმა გამოგვიცხადა პოლიტიკური ბრძოლა და "ახალი მემარჯვენეებიც" ბრძოლას ვუცხადებთ ივანიშვილს! ივანიშვილის ტერმინს გამოვიყენებ _ მან ნებიერად მოახდინა მთელი თავისი აქტივების რეალიზაცია რუსეთში. მილიარდნახევარი აიღო და გამოიტანა, პუტინის რუსეთის პირობებში, რაც კიდევ ერთხელ მიმყარებს ეჭვს, რომ ამ ადამიანს სერიოზული მხარდაჭერა აქვს პუტინისა და კრემლის მხრიდან. შეიძლება, ვიღაცამ თქვენსავით თქვას, რომ ეს ხელისუფლების არგუმენტია, მაგრამ რა ვუყო იმ ლოგიკას, რაც ნადვილად არის ამ არგუმენტში? რაც შეეხება მილიარდერის გარემოცვას, მესმის, იქ არიან ადამიანები, ვისაც ხელისუფლებასთან ანგარიშსწორება სურს, ზოგს _ მთავრობაში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი, ზოგს _ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ მათმა დიდმა ნაწილმა სერიოზული წვლილი შეიტანა სააკაშვილის მოყვანაში. მათ ვერ იგრძნეს პასუხისმგებლობა, არ გაეცალნენ პროცესს და ახლა უკვე ახალ პროცესში მონაწილეობენ, ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებას ცდილობენ. მინდა, ვთხოვო ამ ადამიანებს, კარგად დაფიქრდნენ თავიანთ პასუხისმგებლობეზე, რადგან ისევ ვნახეთ მარგინალიზებული, ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ტელევიზიები და ა.შ.
_ ყველა მოგედავებათ _ 27 მაისს თქვენ მარგინალი სამოქალაქო სექტორი და საზოგადოება ნახეთ თავისუფლების მოედანზე?
_ აქ პოლიტიკურ მარგინალიზმზეა საუბარი და იმაზე, რომ არასამთავრობოები და მედია თავიდან ბოლომდე ანგაჟირებულია. ამაზე საინტერესო აზრი გამოთქვა ამერიკის ელჩმაც, ამ ქვეყანაში პრობლემაა ისაა, რომ მედიაც კი იძულებულია, რომელიმე მხარეს დადგესო. ეს განცხადება სწორედ ცნობილი ფრაზის, "შუის გაკრეფის" დიპლომატიური გამოხმაურება იყო.
_ ივანიშვილმა ეს ფრაზა თქვენი და ქრისტიან-დემოკრატების მისამართით რამდენიმე დღის წინ გაიმეორა და ხელისუფლების დამატებაც გიწოდათ. მის კოალიციაში მყოფთა უმეტესობა, ცოტა ხნის წინ, თქვენთან ერთად, "შუისტი" არ იყო, თუნდაც "რვიანში", მანამდე ალიანსში, იმის წინ გაერთიანებულ ოპოზიციაში, რა აძლევს ამ შეფასების საფუძველს კოალიციის ლიდერს?
_ თუ ივანიშვილმა ფრაზა იმით გაამართლა, რომ ბრალი ორმაგ თამაშში დაგვდო, ეს მისი მზაკვრული ტაქტიკა მგონია. მას სურს, ცილისწამებითა და ბრალდებით მოიცილოს ის ადამიანები, რომელთა მოსყიდვა და შესრუტვა ვერ შეძლო, ამიტომაც მიმართა მეორე ხერხს _ მოდი მათ ტალახს ვესვრი, ცილს დავწამებ და დაე, თავი იმართლონო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თავის სამართლებელი რა მაქვს იმ კაცთან, ვინც ამ წლების მანძილზე ყველაზე დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა საააკაშვილ-მერაბიშვილს?! ეს არის კაცი, ვისთვისაც მერაბიშვილი დღემდე ავტორიტეტია და კაცი, ვინც ისევ მოხიბლულია ზურაბ ადეიშვილით. ჩემთვის კი ორივე დანაშაულთან და კრიმინალთან ასოცირდება. ივანიშვილი პოლიტიკოსად საერთოდ არ მიმაჩნია, სამაგიეროდ, ის კარგად ხლართავს ინტრიგებს და ადამიანებს ერთმანეთთან აპირისპირებს. ალბათ, ჩემი და ჩემი პარტიის სისუსტე ისაა, რომ პრიორიტეტს ადამიანურ ურთიერთობებს ვანიჭებთ-ხოლმე. არასდროს ვსაუბრობ ყოფილ პარტნიორებზე, მეგობრებზე. მიმაჩნია, რომ ყველას გვაქვს ვალდებულება, როცა კაცთან მეგობრობ და მასთან ერთად ბრძოლაში შედიხარ, მერე მის ქმედებები ნაკლებად აკრიტიკო.
_ და ეს ვალდებულება ცალმხრივია?
_მესმის თქვენი კითხვის ქვეტექსტი. არასდროს ვისაუბრებ იმ ხალხზე, ვისთანაც ვმეგობრობდი და პოლიტიკურ ბრძოლაში ვიყავი ჩაბმული, განსაკუთრებით ირაკლი ალასანიაზე, დავით უსუფაშვილზე, მით უმეტეს, დათო საგანელიძეზე.
ბიძინა ივანიშვილი თვითონაა თავის თავში პრობლემის შემცველი, მაგრამ რა ვუყო, ჩემ ყოფილ პარტნიორებს არჩევანს მე ვერ განვუსაზღვრავ. ივანიშვილის გარემოცვაზე არც ვსაუბრობ, რადგან ვიცი, იქ ისინი გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. "მემარჯვენეებს" ორივე, ხელისუფლებისა და "ოცნების" ფლანგი აქტიურად გვებრძვის და ამაში მათი ინტერესები ემთხვევა, რადგან სურთ, პროცესებს მიღმა დაგვტოვონ, ამიტომ ორივეს გასაგონად ვამბობ _ ამას ვერ ეღირსებიან და "ახლები" სოლიდურად ვიქნებით წარმოდგენილი პარლამენტში! ივანიშვილს პირობას ვაძლევ, რომ თავის ოცნებას, გაიყვანოს ახლები პოლიტიკიდან, ვერ აისრულებს!
_ ოპონენტები ახლაც გეტყოდნენ, რაში ჩანს ხელისუფლების ბრძოლა, თქვენ ინიციატივებს სოფლის მეურნეობაში ორ დღეში ასრულებენო, მამუკა კაციტაძე სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე გახდა და ხელში სიები ჩაუგდესო...
_ ყველა ინიციტივას რომ გვართმევენ, ოპონენტები ამაზე არ საუბრობენ, არა? სოფლებში, ყველა შეხვედრაზე ჩემზე წინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რომ დარბიან, მანქანებით ქუჩებს კეტავენ და ხალხს აშინებენ, გარეთ გასული არ გნახოთო, ამაზეც არ საუბრობენ?! აი, მე რაღაც 27 მაისს კოალიციის აქციაზე ხელისუფლების მხრიდან მცირედი ხელშეშლაც ვერ დავინახე. რად უნდა თქმა იმას, რომ მერიამ ივანიშვილს ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა და რუსთაველის გამზირიდან სასწრაფოდ აალაგა თავისი სამრეწველო აღლუმის ნაშთები, რომ კოალიციას ხელი არ შეშლოდა?!
დღეს ივანიშვილის კოალიციაში თითქმის სრული შემადგენლობით შესული "რვიანის" მთავარი მოთხოვნა არ იყო უწყებათაშორისი კომისიის შექმნა, რაზეც "რვიანის" ერთ-ერთი წევრი ირაკლი ალასანია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა გიგა ბოკერიასთან?! ჩვენ კი ეს საქმე ბოლომდე მივიყვანეთ, გარკვეულ ცვლილებებს რეალურად მივაღწიეთ და კანონში ავსახეთ. ასეთია თუნდაც სიების კომისიის დაზუსტების თემა. არ სჯერათ ამ კომისიის, მაგრამ ხომ ნახეთ, როგორ არიან დაინტერესებული რიგი პარტიები, თუნდაც კოალიციიდან, კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით სიებზე?! და ეს მაშინ, როცა ცოტა ხნის წინ გვეუბნებოდნენ, ამაზე როგორ წახვედითო.
დიახ, თუ ხელისუფლება ჩვენ მიერ წამოწეულ პრობლემებს პასუხობს იმით, რომ მერე მათ თავისად ასაღებს და აგვარებს, ეს ძალიანაც კარგია!
_ ივანიშვილიც არანაკლებ დაინტერესებული ჩანს სოფლის პრობლემატიკით _ პოლიტიკურ მიმართვაში სწორედ 27 მაისს, კამპანიის გახსნის დღეს ისიც კი განაცხადა, სპეციალური ფონდი უნდა გავაკეთო სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ხალხის დასახმარებლადო.
_ ეს ყველაფერი სიყალბეა!
პირდაპირ ვიტყვი, ყალბია ივანიშვილის მხრიდან გულზე მჯიღისცემით საუბარი ადამიანის უფლებებსა და ამ ხელისუფლების ძალადობაზე, რადგან 2005-დან 2008 წლამდე, როცა ამ რეჟიმის ყველაზე დიდი ძალადობის პერიოდი იდგა, ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ და ქონებას ძალადობით ართმევდნენ, ის ამ მოქმედებებს აფინანსებდა! მთელი ეს წლები ხელისუფლება კონსტიტუციას საკუთარ თავზე ირგებდა და ეს მორგება მარტო დღესაა მორგება, როცა კონსტიტუცია ივანიშვილს უნდა მოარგონ? დღეს ისე აეხილა თვალი ამ კაცს, გეგონება, მანამდე სხვა სამყაროში ცხოვრობდა და ამ მთავრობის დონორი და ყველაზე აქტიური მხარდამჭერი არ იყო! ან მისი სიტყვები რას ნიშნავს, 2007 წლის 7 ნოემბერს თუ დასაჭერი იყო ნათელაშვილი, რატომ არ დაიჭირესო? ე.ი. კაცი სხვა არაფერმა აღაშფოთა, არც `იმედისა~ და მოშიმშილეების დარბევამ, არც საკუთარი ხალხისთვის მოწყობილმა სასაკლაომ და მარტო იმან აღაშფოთა, რომ შალვა ნათელაშვილი არ დაიჭირეს?!
მისგან ჯერ სხვა კონკრეტული ვერაფერი გავიგე, იმის გარდა, რომ როცა ხელისუფლებაში მოვა, ხიდს დაანგრევს და ახალს ააშენებს. თუ მისი ხელისუფლებაში მოსვლის მთელი მისია ესაა, გეგმას ვუწუნებ და თუ მართლა რამის აშენება სურს, ახალმა მემარჯვენეებმა უამრავი ასაშენებელი ადგილი ვიცით საქართველოში! თუ არ ჩავთვლით ხელისუფლების ადმინისტრაციულ რესურსს, ვერც ერთი პარტია ვერ გაგვეჯიბრება, სოფლებში იმდენად სერიოზული სტრუქტურები გვაქვს ჩამოყალიბებული, თუმცა ჩვენ კაპიკები გვაქვს, ივანიშვილს _ მილიარდები და ძნელია კონკურენცია. მას აქვს იმის მცდელობაც, ჩვენი სტრუქტურებიდან კადრები გაიწოვოს, მაგრამ ჩვენი ათწლიანი გამოცდილება და შეკრული გუნდი ამასაც გაუძლებს.
_ ერთმა უკვე ვერ გაუძლო... თქვენ რიგებს დავით საგანელიძე გამოაკლდა და "ქართული ოცნების" ტრიბუნაზე ივანიშვილის გვერდით დადგა...
_ ჩემთვის მეგობრობა პოლიტიკურ მიზნებსა და მოსაზრებებზე წინ დგას. რა თქმა უნდა, ადამიანურად მტკივნეულია, როცა ჩემი და დათოს პოლიტიკური მოსაზრებები ასე კარდინალურად განსხვავებული აღმოჩნდა.
_ როდიდან, ივანიშვილის გამოჩენამდე თუ მანამდეც? მინიშნება გაკეთდა, რომ აზრთა სხვადასხვაობა "რვიანის" პერიოდში, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას გაჩნდა. ასე იყო?
_ დათომ საბოლოო ნაბიჯი ახლა გადადგა საწინააღმდეგო მხარეს, თორემ ეს პროცესი ოქტომბრიდან დაიწყო, როცა მან გენერალური მდივნის თანამდებობა დატოვა პარტიაში. ეს მისი პიროვნული გადაწყვეტილებაა და მე თავს ვიკავებ ყოველგვარი კომენტარისგან.
დრო გამოაჩენს, ქვეყნისთვის სად უფრო სასარგებლო იყო ყოფნა _ მემარჯვენეების პოზიციაზე თუ "ოცნებაში", თუმცა ეს პაექრობა დათო საგანელიძის გარეშეც მიდიოდა და პოლიტიკური ბრძოლა სხვადასხვა ძალებს შორის ამის მერეც გაგრძელდება. თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ გარკვეული ხინჯი ასეთ დროს არ ჩნდება მეგობრობაში, მაგრამ ჩემთვის ძვირფასია განვლილი წლები, პიროვნული ურთიერთობა მის ოჯახთან, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები, გავმიჯნო პოლიტიკა და ადამიანური ურთიერთობები.
ნინო კომახიძე

ქართული
English
Pусский








