
პ/გ "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ორგანიზაცია დაარსდა 2001 წლის 22 დეკემბერს პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით.
ორგანიზაციის მიზნები და ამოცანებია:
· ახალგაზრდობის ფართო მასების ჩაბმა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში;
· ახალგაზრდობაში პ/გ "ახალი მემარჯვენეები" ("ახლები")-ს მიზნებისა და პოზიციების განმარტება, პარტიის პროგრამის პროპაგანდა;
· პ/გ "ახალი მემარჯვენეები" ("ახლები")-სათვის კადრების მომზადება და მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდა;
· ახალგაზრდობისა და სტუდენტობის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრისათვის ხელის შეწყობა;
· ახალგაზრდობის თვითრეალიზაციისა და ჰარმონიული განვითრებისათვის პროგრამების შემუშავება და განახორციელება;
· ახალგაზრდობაში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა;
· ზრუნვა ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოსათვის;
· მემარჯვენე ახალგაზრდობის საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაცია;
· პ/გ "ახალი მემარჯვენეები" ("ახლები")-ს მხარდამჭერი ღონისძიებების ორგანიზება.
ახალგაზრდულ ორგანიზაციას გააჩნია რაიონული ორგანიზაციები საქართველოს ყველა იმ ქალაქსა და რაიონში, სადაც დაფუძნებულია და ფუნქციონირებს პ/გ "ახალი მემარჯვენეები" ("ახლები"). ამჟამად ორგანიზაცია 3000-ზე მეტ წევრს ითვლის.
2003 წლის 26 ივნისს გაიმართა ახალგაზრდული ორგანიზაციის პირველი ყრილობა, რომელსაც დაესწრო საქართველოს ყველა მხარისა და რაიონის 413 დელეგატი. ყრილობამ დაამტკიცა ორგანიზაციის პლატფორმა და აირჩია გამგეობა.
ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა "ახალი მემარჯვენეები"-ს მიერ მიღწეულ შედეგებში.
"ახალგაზრდა მემარჯვენეები" რეგულარულად ახორციელებენ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებს. ადგილობრივ დონეზე იმართება ტურნირები მინი-ფეხბურთსა და ჭადრაკში, ეწყობა ტრეინინგ-სემინარები, დებატ-კლუბები და ინტელექტუალური თამაშები, ხორციელდება ე.წ. "მცირე გრანტების" პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს რაიონულ ორგანიზაციებს თავად განახორციელონ ღონისძიებები.
"ახალგაზრდა მემარჯვენეები" აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო საქმიანობაში. ხანგრძლივი და ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, ორგანიზაცია გახდა ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ფრთის (YEPP) და საერთაშორისო ახალგაზრდული დემოკრატული კავშირის (IYDU) ნამდვილი წევრი. 2007 წლის მაისში "ახალგაზრდა მემარჯვენეები"-ს წარმომადგენელი ირინა ფრუიძე აირჩიეს YEPP-ის ვიცე-პრეზიდენტად.
2003 წლის 22-26 სექტემბერს თბილისში გაიმართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მემარჯვენე ახალგაზრდობის ფორუმი: "ახალგაზრდობა მშვიდობისა და თანამშრომლობისათვის", რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15 ქვეყნის 25-მდე დელეგატმა. ფორუმზე დაფუძნდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მემარჯვენეთა ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერის საინფორმაციო ქსელი, რომლის კოორდინირებაც დღემდე ხორციელდება "ახალგაზრდა მემერჯვენეები"-ს მიერ.
2005 წლის სექტემბერში "ახალგაზრდა მემარჯვენეებმა" თბილისში წარმატებით უმასპინძლეს YEPP-ის სემინარსა და საბჭოს სხდომას. ღონისძიებას ევროპის მემარჯვენე ახალგაზრდობის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
"ახალგაზრდა მემარჯვენეებმა" პარტნიორული ურთიერთობა დაამყარეს ევროპის მემარჯვენე პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან. მათ შორისაა ნორვეგიის "ახალგაზრდა მემარჯვენეები" (Unge Hoyre) და უკრაინის, მოლდოვის, ლიტვისა და ლატვიის მემარჯვენე-ცენტრისტული ახალგაზრდული ორგანიზაციები. განსაკუთრებით ხანგრძლივვადიანი და წარმატებული აღმოჩნდა ნორვეგიის ახალგაზრდა მემარჯვენეებთან ერთად წარმოებული ორმხრივი პროექტები.
"ახალგაზრდა მემარჯვენეები" საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს ნამდვილი წევრია და თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საქმეში.
ამჟამად "ახალგაზრდა მემარჯვენეები"-ს თავმჯდომარეა ლევან ხურცილავა.


ქართული
English
Pусский









